აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ სიეტლში დროებით შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ზღუდავს ამერიკაში დაბადებულთა უფლებას აშშ-ის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ CNN და BBC იტყობინებიან.
მოსამართლე ჯონ კოფენურმა დოკუმენტს უწოდა „უხეშად არაკონსტიტუციური განკარგულება“, ასევე იკითხა: „სად იყვნენ ადვოკატები“, როცა ხდებოდა განკარგულების ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოში პეტიცია შეიტანეს ვაშინგტონის, ორეგონის, ილინოისისა და არიზონის შტატების გენერალურმა პროკურორებმა, სადაც დემოკრატები დომინირებენ.
BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, სასამართლო სხდომა 25 წუთზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა.
დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველ საათებში, ნათქვამია, რომ დაბადებით მოქალაქეობის უფლება არ ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთა მშობლები არალეგალურად იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, ასევე იმ სიტუაციებზე, როდესაც დედა შეერთებულ შტატებში იმყოფება დროებით, მაგალითად, სტუდენტური, სამუშაო ან ტურისტული ვიზით, მამა კი არ არის აშშ-ის მოქალაქე ან არ მოეპოვება მუდმივი ბინადრობის უფლება. განკარგულება 19 თებერვალს უნდა ამოქმედდეს.
ამ განკარგულების დაბლოკვის მიზნით სარჩელი შეიტანეს გენერალურმა პროკურორებმა 22 შტატიდან, ასევე ქალაქ სან-ფრანცისკოდან და კოლუმბიის ოლქიდან. აშშ-ის მიწაზე დაბადებული ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქეობის უფლება გარანტირებულია აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით. „პრეზიდენტს არ შეუძლია, კალმის ერთი მოსმით გააუქმოს მე-14 შესწორების არსებობა. წერტილი“, თქვა ნიუ-ჯერსის გენერალურმა პროკურორმა მეტ პლატკინმა.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად 150 000 ბავშვი უჩნდებათ მშობლებს, რომლებიც არ არიან აშშ-ის მოქალაქეები და რომ განკარგულებით გათვალისწინებული ზომების განხორციელება მათ დეპორტაციით ემუქრება. ისინი შიშობენ, რომ ბავშვებმა შეიძლება დაკარგონ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა.
თეთრ სახლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან სასამართლო პროცესისთვის. ტრამპმა განკარგულების ხელის მოწერის დროს დაბადებით მოქალაქეობას „სასაცილო“ უწოდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ განკარგულება შეიძლება სასამართლოში გასაჩივრდეს, პრეზიდენტმა თქვა: „მიგვაჩნია, რომ სერიოზული საფუძველი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, მართალი ხართ, ვნახოთ“. მან ადრე განაცხადა, რომ ბევრი უცხოელი ბოროტად იყენებს ამ წესს შეერთებულ შტატებში ბავშვების გასაჩენად და მათ მიერ მოქალაქეობის მისაღებად.