აშშ-ში, მინესოტას შტატში ფედერალურმა აგენტებმა 37 წლის კაცი მოკლეს. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრების ფონზე, მიმდინარე თვეში ეს მკვლელობის მეორე შემთხვევაა.
მოკლულია ექთანი ალექს პრეტი, რომელიც აშშ-ის მოქალაქე იყო და მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.
სასაზღვრო პატრულის მეთაურის, გრეგ ბოვინოს განცხადებით, 24 იანვრის დილას აგენტები მიზნობრივ საიმიგრაციო ოპერაციას ატარებდნენ, როდესაც მათ პრეტი იარაღით მიუახლოვდა, აგენტებმა მისი განიარაღება სცადეს, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ბოვინოს თქმით, ამის შემდეგ სასაზღვრო პატრულის ოფიცერმა თავდაცვის მიზნით გაისროლა.
მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო საპროტესტო მარში გაიმართა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აზვირთდა, რაც 7 იანვარს ამავე ქალაქში ICE-მა იმსხვერპლა 37 წლის რენე ნიკოლ გუდი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფედერალურ აგენტებს მოუწოდა, რომ ქალაქი დატოვონ.




