ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა აუქციონზე გაყიდოს იახტა „ამადეა“, რომელიც რუს მილიარდერს, ფედერაციის საბჭოს წევრ სულეიმან კერიმოვს ეკუთვნოდა.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმაციით, დახურული აუქციონი 10 სექტემბერს გაიმართება.
325 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა გათვლილია 16 მგზავრზე და ეკიპაჟის 36 წევრზე, აქვს აუზი, სილამაზის სალონი, სავარჯიშო დარბაზი და მოედანი ვერტმფრენისთვის.
„ამადეა“ 2022 წელს ფიჯის ხელისუფლებამ დააკავა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივების მოძებნას და კონფისკაციას. ფიჯიმ იახტა აშშ-ს გადასცა.
ოფიციალური დოკუმენტებით „ამადეა“ ეკუთვნოდა ფირმას, რომელიც დაკავშირებულია რუსული კომპანია „როსნეფტის“ მაღალი რანგის მენეჯერ ედუარდ ხუდაინატოვთან. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ხუდაინატოვი იახტის ნომინალური მფლობელი იყო, სინამდვილეში კი ეკუთვნოდა 2018 წლიდან სანქცირებულ მილიარდერს, სულეიმან კერიმოვს.
იახტის გამო დაწყებულ სასამართლო დავას 2025 წლის მარტში წერტილი დაუსვა ნიუ-იორკის სასამართლომ. მისი გადაწყვეტილებით „ამადეას“ აუქციონზე გაყიდვა შესაძლებელია, როგორც ეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა.
NBC News-ის ინფორმაციით, 10 სექტემბერს დაგეგმილი აუქციონის ორგანიზატორია ამერიკული კომპანია National Maritime Services-ი, რომელმაც 2022 წელს „ამადეა“ ფიჯიდან აშშ-ში, სან-დიეგოს პორტში ჩაიყვანა.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა 10 მილიონი დოლარის დეპოზიტი უნდა შეიტანონ.
შეერთებული შტატების მთავრობას „ამადეას“ ტრანსპორტირება და 2022 წლიდან მისი მოვლა დაახლოებით 32 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყეს და მნიშვნელოვნად გააფართოვეს 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
დასავლეთის სახელმწიფოები საზღვარგარეთ დაბლოკილი რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებას განიხილავენ.
ფორუმი
