ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან (WHO) შეერთებული შტატების გასვლის შესახებ.
20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა ტრამპმა თავისი ხელმოწერით გააუქმა წინამორბედი პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს გაიყვანა. ტრამპის ეს გადაწყვეტილება 2021 წელს გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნებულმა ტრამპმა ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა ახსნა COVID-19-ის პანდემიის დროს WHO-ს არასწორი ქმედებებით, ორგანიზაციის უუნარობით ჩაატაროს საჭირო რეფორმები და სხვა ქვეყნებთან შედარებით აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადით. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, WHO აშშ-ს ვეღარ გაძარცვავს.
2020 წელს ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებდა ჩინეთის ძალისხმევის ხელშეწყობასა და COVID-ის წარმომავლობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. WHO ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახდენს ზეწოლას COVID-ის შესახებ მონაცემების მისაღებად.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანების საფუძველზე აშშ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 12 თვეში დატოვებს და შესაბამისად, მის დაფინანსებას შეწყვეტს. 2024-2025 წლებში WHO-ს ბიუჯეტში აშშ-ის შენატანი 6,8 მილიარდი დოლარია.
20 იანვარს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.