აშშ-ს მიერ ტარიფების გაზრდა ლატვიასაც დააზარალებს

აშშ-ს მიერ იმპორტზე ტარიფების გაზრდის შემთხვევაში, რის შესახებაც პრეზიდენტი საუბრობს, ლატვიაც დაზარალდება. ბალტიისპირეთის ამ ქვეყნის მწარმოებლები, რომლებიც შეერთებულ შტატებში თავისი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ, შესაძლო სცენარებისთვის უკვე ემზადებიან. გაზრდილი ტარიფების გავლენა მთლიან ეკონომიკაზე ლატვიისთვის შემაშფოთებელია, რადგან სავაჭრო ომები სტაგნაციურ მდგომარეობაში ქვეყნის გადასვლის ტოლფასი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები არ შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ლატვია ყველაზე მეტი საქონლის ექსპორტს ახორციელებს, ოკეანის გაღმა ვაჭრობის მოცულობა მაინც საკმაოდ სოლიდურია და 482 მილიონი ევროს უტოლდება. ამერიკაში ექსპორტირებულ საქონელში ჭარბობს ლატვიური ხე-ტყე, მათ შორის კი – მერქანი. ამიტომ, ხე-ტყის მწარმოებლები შეშფოთებით ელოდებიან, რით დასრულდება საუბრები იმპორტის ტარიფების შესაძლო გაზრდაზე. უკვე მუშავდება სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ახალი ტარიფები მართლა დაწესდება.
„ჩვენი მარჟა იმ საქონელზე, რომელსაც -ში ვყიდით, არ არის ისეთი მაღალი, როგორიც იმპორტის გადასახადები. ეს ნიშნავს, რომ ან ამერიკელებს მოუწევთ მეტის გადახდა, ან ჩვენ მოგვიწევს უარი ვთქვათ მოგებაზე, ან ზარალის ზონაში უნდა გადავიდეთ, რაც იქამდე მიგვიყვანს, რომ ამერიკას ლატვიურ საქონელს ვეღარ მივაწვდით“, – აცხადებს ლატვიის ხის გადამამუშავებელი მრეწველობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, კრისტაპს კლაუსი.
„უპირველეს ყოვლისა, მყიდველებთან უნდა შევთანხმდეთ – ვინ იკისრებს გაზრდილი ტარიფების გადახდას. ტრამპი არ ამბობს, რომ მათ საკმარისი ხე-ტყე აქვთ. მაშინ, მოდით, ვეძიოთ შეთანხმების გზა ან გაზრდილი ტარიფი ამერიკელებმა თავად გადაიხადონ“, – დასძინა კლაუსმა.
კომპანია „ეს ეი ეფ ტექნიკამ“, რომელიც მონაცემთა გადაცემის აღჭურვილობასა და ინსტრუმენტებს აწარმოებს, გადაწყვიტა, პროაქტიულად იმოქმედოს – ის აშშ-ში ახალ კონტრაქტორებს ეძებს. იქაური ბაზარი კომპანიის ბიზნესის თითქმის ნახევარს შეადგენს. თუმცა, გაურკვეველი მომავალი „ეს ეი ეფ ტექნიკას“ ნაკლებად აწუხებს.
„ჩვენ შეგვიძლია, დრო მოვიგოთ და ამერიკული ბაზრის მარაგები შევავსოთ. ვცდილობთ, იმპორტი მანამდე განვახორციელოთ, სანამ საბაჟო ცვლილებები ამოქმედდება. პარალელურად, ვცდილობთ იმის გარკვევას, შესაძლებელია თუ არა წარმოების ამერიკაში გადატანა“, – ამბობს კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე, ნორმუნდს ბერგსი.
თუმცა, იმის გამო, რომ ლატვიური ბიზნესი შეერთებულ შტატებში იმდენ ექსპორტს არ ახორციელებს, რამდენსაც სხვა ქვეყნებში, ტარიფების შესაძლო ზრდის ირიბი გავლენა კიდევ უფრო შემაშფოთებელია – გასარკვევია, როგორ იმოქმედებს ტარიფების ზრდა მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე. არჩევამდე ტრამპმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე ახალი, 10-20%-ით გაზრდილი ტარიფები შემოიღოს.
„როგორც კი სირთულეები შეექმნებათ გერმანიას, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლების შეერთებულ შტატებში დიდი მოცულობის ექსპორტს ახორციელებენ, ეს ჩვენზეც იმოქმედებს“, – აცხადებს ლატვიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, იანის ენძინში.
დიდ შეშფოთებას იწვევს იმპორტის ტარიფების გავლენა მთლიანად ეკონომიკაზე. სავაჭრო ომები ნიშნავს ეკონომიკური აღდგენის დაბალ ტემპებს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ბოლო კრიზისებისგან.
„სავაჭრო ომები არავისთვის არ არის მომგებიანი. ამ შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა, ზოგადად, უფრო დაბალი იქნება“, – მიიჩნევს ლატვიის ბანკის ეკონომისტი, მატის მიროშნიკოვსი.
შესაძლოა, გაფრთხილებები ტარიფების გაზრდის თაობაზე დონალდ ტრამპის ინსტრუმენტია სხვა მოლაპარაკებებში სასურველი შედეგის მისაღწევად.
„როგორც ჩანს, ტრამპი ტარიფებს ინსტრუმენტად აყენებს და როდესაც მათი გაზრდის მოთხოვნას აყენებს, ამას სხვა მოლაპარაკებებში წარმატების მისაღწევად აკეთებს“, – აღნიშნა ლატვიის უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომისტმა გუნდარს ბერზინშმა.
SEB Bank-ის ეკონომისტი, დაინის გაშპუიტისი კი მიიჩნევს, რომ გაურკვევლობა უფრო მეტ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, ვიდრე თავად ტარიფები.
„გაურკვევლობის პირობებში, ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად ნელდება. ამის საპირისპიროდ, ჩვენ ველით, რომ წელს და მომავალ წელს ლატვიის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება“, – განაცხადა გაშპუიტისმა.
მისივე თქმით, გაურკვევლობას შეუძლია გაცილებით დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, ვიდრე „პოტენციური ტარიფების შესახებ რაციონალური გათვლებს“.
სავარაუდოდ, დაახლოებით აპრილში გაირკვევა, თუ რა ტარიფები შეიძლება დააწესოს შეერთებულმა შტატებმა.
წყარო: 1 არხი