გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რუსეთს მიერ წარდგენილ რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს“.
დოკუმენტს 118 ქვეყანა მიემხრო, 49 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა, ნათქვამია გაეროს ოფიციალურ ვებსაიტზე.
რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც წინააღმდეგ მისცეს ხმა არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ესტონეთი, ჩეხეთი, ფინეთი, უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, სლოვენია, ესპანეთი და შვედეთი.
კენჭისყრის წინ თავისი პოზიციის დაზუსტებისას, უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მკაცრად გმობს ნაციზმის, ნეონაციზმისა და რასიზმის სხვა ფორმებს, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. მაგრამ, მისი თქმით, რეზოლუცია არის საბაბი რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი აგრესიული ომის გასამართლებლად.
უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თითქმის ორი წელია, რუსი სამხედროები თავს ესხმიან განურევლად ყველას, მშვიდობიან მოსახლეობას, სიკვდილით სჯიან, აწამებენ აუპატიურებენ და მასობრივად ასახლებენ მათ და ეს ყველაფერი – ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრის მიზეზად ქვეყნის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია დაასახელა. ცოტა ხნის წინ მან კვლავ გაიმეორა, რომ ეს მიზეზი კვლავ ძალაშია და არაფერი შეცვლილა.