აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

-ის სახელმწიფო მდივანი რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს.
კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს ახალი სავიზო შეზღუდვა, სახელმწიფო მდივანი არ ასახელებს.
“ვაცხადებ ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკის შესახებ მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის უცხოური აგენტების შესახებ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ კანონთან დაკავშირებით”,- წერს ბლინკენი სოციალურ ქსელ X-ზე.
უფრო ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე, სადაც ენტონი ბლინკენი საუბრობს იმ დაშინების კამპანიასა და ძალადობაზე, რომელიც სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად იქნა გამოყენებული.
“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და მიიღო კანონი “უცხოური გავლენის შესახებ”, რომელიც ახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, სტიგმას ადებს ორგანიზაციებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ემსახურებიან, და ხელს უშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ქართველი ხალხის მაღალი ხარისხით ინფორმაციით უზრუნველყოფაზე მუშაობენ. რადგანაც ქართველმა ხალხმა უკმაყოფილება გამოთქვა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა ნიშნები და ძალადობის გამოყენება მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად. როგორც “ეროვნული უსაფრთხოების კანონი”, ასევე რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც ლეგიტიმური განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებზეც უფლება აქვს ქართველს ხალხს, და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს – კონსტიტუციაში ასახულს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
ამ ქმედებების საპასუხოდ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის ვიზების შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელნი.
საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის ურყევი და ფუნდამენტურია. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუციებს – მათ შორის საქართველოს 2024 წლის არჩევნებამდე, არჩევნების დროს ან მის შემდეგ პერიოდში – ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, შეეზღუდოს აშშ-ის ვიზის მიღების უფლება და შეეზღუდოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა. ეს შეზღუდვები, შესაძლოა, ასეთი ადამიანების უახლოეს ოჯახის წევრებზეც გავრცელდეს.
ასევე დღეს ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადახედვის პროცესში, საკუთარი ქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ”.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონით, აშშ-ს შეუძლია ვიზაზე შეზღუდვები დაუწესოს ამჟამინდელი ან წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანამდებობის პირებს ან ინდივიდებს, ასევე მათ უახლოეს ნათესავებს, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, მათ შორის ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით, სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისთვის ხელის შეშლაზე.