შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ აშშ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა, – ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ვიზიტის დროს, თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა, რაც ვაშინგტონს ოდესმე დაუდევს.
„დღეს ხელმოწერილი პაკეტი, რომელიც აშშ-ის ისტორიაში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ყველაზე დიდი შეთანხმებაა, ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მიმართ ჩვენი ერთგულების ნათელი დემონსტრირებაა“, – აცხადებენ თეთრ სახლში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.
