აშშ-ის და ბრიტანეთის არმიებმა 22 იანვარს დაბომბეს მრავალი ობიექტი, რომელსაც იემენში იყენებდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეები. ბოლო ხანებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორი მოკავშირე კოორდინირებულ, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს მეამბოხეთა სარაკეტო დანადგარებზე.
ანონიმურობის დაცვის პირობით ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოიყენეს საბრძოლო ხომალდებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ტიპის რაკეტები, ჰუთების სარაკეტო საწყობების და გამშვებების გასანადგურებლად.
ათიოდე დღის წინ აშშ-ის და ბრიტანეთის ერთობლივმა დარტყმებმა მიზანში ამოიღო 28 ადგილას განთავსებული 60-ზე მეტი სამიზნე.
ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წითელ ზღვაში გემებს თავს ესხმის 2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.