აშშ-მა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასსა და პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის წევრებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება აუკრძალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სექტემბერში დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წინ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასისა და სხვა ოფიციალური პირების ვიზები გააუქმა.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა, რომ ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის ის, რომ პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციასა (PLO) და პალესტინის ადმინისტრაციას (PA) თავიანთი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და სამშვიდობო ძალისხმევის შეფერხებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მაჰმუდ აბასის ოფისში განაცხადეს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებით გაოცებულები არიან და ეს გაერო-ს „შტაბ-ბინის შესახებ შეთანხმებას“ არღვევს.




