შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ უარყო რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი კანონპროექტი მთავრობის დროებით დაფინანსების შესახებ.
ფედერალური უწყებების დაფინანსება 20 დეკემბრის საღამოს დასრულდება და სხვადასხვა სამსახურის მუშაობა, საჰაერო მიმოსვლიდან სამართალდამცავ უწყებებამდე, შესაძლოა უკვე შაბათ-კვირას შეფერხდეს. ეს შეიძლება იყოს პირველი „შატდაუნი“ 2018 წლის დეკემბრის შემდეგ, რომელიც გაგრძელდა 2019 წლის დასაწყისამდე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს.
კანონპროექტი სხვათა შორის მოიცავდა ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში დავალიანების „ჭერის“ შეჩერებას. დოკუმენტი შეთავაზებული იყო დიდი ორპარტიული პაკეტის ნაცვლად, რომელსაც წინა დღით დაუპირისპირდნენ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯ. დ. ვენსი და მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც წარდგენილია მთავრობის ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად. დონალდ ტრამპმა და ჯ. დ. ვენსმა დოკუმენტს „დემოკრატების საჩუქარი“ უწოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელების მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ტრამპმა, ათობით რესპუბლიკელი, რომლებიც ცნობილი არიან მკაცრი მიდგომით სამთავრობო ხარჯების მიმართ, დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა. დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ისინი რესპუბლიკელებს არ აღმოუჩენენ საჭირო მხარდაჭერას. შედეგად, დოკუმენტმა ხმათა უბრალო უმრავლესობაც კი ვერ მიიღო.
ჯო ბაიდენის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა თქვა, რომ მოქმედი პრეზიდენტი „მხარს უჭერს ორპარტიულ შეთანხმებას მთავრობის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად… მაგრამ არა ამ საჩუქარს მილიარდერებისთვის, რომლის მიღებაც ბოლო წუთში შესთავაზეს რესპუბლიკელებმა“.
მთავრობა ვერ შეასრულებს თავის ზოგიერთ ფუნქციას შაბათს ღამით, რაც 875 ათას თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაშვების საფრთხეს უქმნის. ეს ასევე ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერსონალი არდადეგების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.