აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალური წარმომადგენელი უკრაინა–რუსეთის ომის საკითხებში კიტ კელოგი ხუთშაბათს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უცნობია, შეძლო თუ არა ამ შეხვედრამ გადაეჭრა განხეთქილება აქამდე მტკიცე მოკავშირეებს შორის.
ზელენსკიმ შედარებით შერიგებითი ტონი აირჩია, მიუხედავად იმისა, რომი იქამდე ტრამპი “რუსული დეზინფორმაციის” გამეორებაში დაადანაშაულა. ტრამპმა უკრაინის ლიდერი “დიქტატორად” მოიხსენია და განაცხადა, რომ თუ სწრაფად არ იმოქმედებს, საკუთარ ქვეყანას დაკარგავს.
ტრამპი, რომელიც თანამდებობაზე მხოლოდ ერთი თვეა რაცაა, ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას ომის დასასრულებლად. მისი გადაწყვეტილება უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეების რუსეთთან მოლაპარაკებებიდან გამორიცხვაზე შეშფოთებას იწვევს დასავლეთში.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ომის დასასრული ახლოსაა და კონფლიქტის შეწყვეტა რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე შეუძლებელია.
ამავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ზელენსკის მიერ ტრამპის კრიტიკა მიუღებელი იყო და უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, დაბრუნებულიყო მოლაპარაკების მაგიდასთან და განეხილა მანამდე შემოთავაზებული შეთანხმება, რომელიც აშშ-ს უკრაინის მინერალურ რესურსებზე წვდომას მისცემს.
კელოგი კიევში ოთხშაბათს ჩავიდა და განაცხადა, რომ მისი მიზანი უკრაინული მხარის პოზიციის მოსმენაა.
შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ კელოგთან დეტალური და პროდუქტიული საუბარი ჰქონდა ტყვეებისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. ასევე – საომარ ვითარებაზე.
თუმცა დამატებითი დეტალები არ გასაჯაროვებულა და დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აშშ-ის მოთხოვნით გაუქმდა, განაცხადეს ზელენსკის ოფისში.
რაც შეეხება წიაღიასეულს, კიევმა უარყო აშშ-ის საწყისი წინადადება, რადგან ის უსაფრთხოების გარანტიებს არ მოიცავდა.
უოლცმა აღნიშნა, რომ აშშ მიესალმება ევროპული უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის და მოუწოდა ნატოს ყველა წევრს, თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 2%-ის დახარჯვისკენ, რაც ალიანსის ივნისში დაგეგმილ სამიტზე განხილული იქნება.
