24 მარტს აშშ-ის სასამართლომ უნდა განიხილოს აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს წინააღმდეგ რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების (რთე/რთ) სარჩელი „გამოუსწორებელი ზიანის თავიდან ასაცილებლად“, მაუწყებლისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტის შეჩერების გამო. ეს ზიანი დადგება რთე/რთ-სთვის კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის შეჩერებით – რაც ნაწილია სააგენტოს ძალისხმევისა, მაუწყებელს დაფინანსება შეუწყდეს.
აშშ-ის კოლუმბიის საოლქო სასამართლო მხარეთა არგუმენტებს ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან მოისმენს. (თბილისის დროით ღამის 10 საათი).
RFE/RL-ი ითხოვს USAGM-მა – რომელიც ზედამხედველობს აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერით მოქმედ მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო თავისუფლებასა და “ამერიკის ხმას” (VOA) – გაათავისუფლოს რადიო თავისუფლებისთვის განკუთვნილი 7,5 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც ფარავს 1 მარტიდან 15 მარტამდე პერიოდს – ანუ იმ დღეს, როცა USAGM-მა გამოაცხადა, რომ რადიო თავისუფლებას შეუწყვიტა კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი.
სარჩელში ნათქვამია, რომ RFE/RL-სთვის კონგრესის მიერ განსაზღვრული გრანტის შეჩერება არღვევს ფედერალურ კანონებს და აშშ-ის კონსტიტუციას, რომლებიც კონგრესს ანიჭებენ საბოლოო უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების გარშემო. სარჩელი ასევე მოიცავს სასამართლოსადმი თხოვნას დროებითი შემაკავებელი ორდერის (TRO) გაცემაზე, რათა გაიცეს მარტის დაფინანსება და შემცირდეს მაუწყებლისთვის მიყენებული ზიანი.
RFE-ის სამართლებრივი ნაბიჯები ასევე ითვალისწინებს მთელი 2025 წლის საბიუჯეტო თანხების მოპოვებას – რომლებიც 30 სექტემბრამდეა განსაზღვრული. ამ ბალანსის თაობაზე წინასწარი მოსმენა აპრილის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
“ჩვენი ფრილანსერებისთვის კონტრაქტების შეწყვეტა და ჩვენი თანამშრომლების უხელფასო შვებულებებში გაშვება მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩვენს შესაძლებლობას, ცენზურის გარეშე ინფორმაცია მივაწოდოთ იმ 23 ქვეყანას, რომლებსაც ვემსახურებით”, – ამბობს RFE/RL-ის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი სასამართლო სარჩელში, რომლითაც კომპანიისთვის დაფინანსების შეჩერების შედეგებია აღწერილი.
RFE/RL-ის სარჩელი დასძენს: “სასამართლომ უნდა გასცეს RFE/RL-ის მიერ მოთხოვნილი, ზომიერი შემაკავებელი ორდერი, რათა თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანის დადგომა პირველ წინასწარ განხილვამდეც”.
თავის მხრივ, USAGM განცხადებაში ამბობს, რომ საოლქო სასამართლო ამ საქმის განსახილველად არასწორი უწყებაა, და რომ კონგრესმა USAGM-ს მიანიჭა “ფართო უფლებამოსილება გრანტის მიმღებთა ზედამხედველობისთვის. მაშინაც კი, თუკი სასამართლოს ექნებოდა USAGM-ის შეხედულების გადაწონის იურისდიქცია, ეს არ მოემსახურებოდა საჯარო ინტერესს”.
“სინათლის სხივი სიცრუის წყვდიადში”
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის საფრთხემ ბიძგი მისცა მხარდაჭერის ტალღას იმ 23 ქვეყანაში მცხოვრებ და 27-ენოვან აუდიტორიებში, რომლებსაც ეს მედიასაშუალება ემსახურება.
ირანიდან – ბელარუსამდე, ავღანეთიდან – რუსეთამდე, პაკისტანიდან – უკრაინამდე მკითხველები და მსმენელები RFE/RL-ის ჟურნალისტებს აქებენ მათი გაბედული, მიუკერძოებელი და სიმართლეზე დაფუძნებული მასალებისთვის, მათ შორის ფრონტის ხაზიდან და მსოფლიოს რეპრესიული პოლიტიკური სივრცეებიდან. აუდიტორია შეშფოთებას გამოთქვამს ინფორმაციის ამ წყაროს შესაძლო გაქრობის თაობაზე.
“თქვენ სინათლის სხივი იყავით ხოლმე, რომელიც სიცრუის წყვდიადს ანათებდა”, – წერს უკრაინელი მკითხველი ოლეჰ პროზოროვი ფეისბუკზე და რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მადლობას უხდის “პოლიტიკური თავისუფლებების დაცვისთვის”.
დაფინანსების შეწყვეტის მითითება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე ხელმოწერილ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებდა შვიდი სააგენტოს, მათ შორის USAGM-ის შემცირებას მხოლოდ კანონით მოთხოვნილ დონემდე.
RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი. ამ წერილში ლეიკი საკუთარ პოზიციას წარმოადგენს, როგორც USAGM-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის მაღალი რანგის მრჩეველი, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული. წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი “აღარ ახორციელებს სააგენტოს პრიორიტეტებს”. სხვა ახსნა-განმარტება მოტანილი არ ყოფილა.
ტრამპის კონფლიქტი USAGM-თან
კერი ლეიკი ტრამპმა წარადგინა “ამერიკის ხმის” (VOA) დირექტორად, თუმცა მისი კანდიდატურა ჯერ კიდევ საჭიროებს დამტკიცებას საერთაშორისო მაუწყებლობის მრჩეველთა საბჭოს (IBAB) მხრიდან.
ეს უწყება კონგრესის მიერაა დაარსებული, და მას USAGM-ის ზედამხედველობა ევალება. IBAB-ის წევრები აშშ-ის ადმინისტრაციამ იანვარში გაათავისუფლა, თუმცა მათი შემცვლელები ჯერ არ დაუნიშნავთ.
USAGM და “ამერიკის ხმა” ფედერალური სააგენტოებია, ხოლო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო, არაკომერციული კორპორაცია, რომელიც აშშ-ის შტატ დელოუერშია რეგისტრირებული. კორპორაცია დაფინანსებას გრანტების ფორმით იღებს აშშ-ის კონგრესისგან, მაგრამ მისი თანამშრომლები არ არიან აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების მუშაკები.
ტრამპს – რომელმაც იანვარში მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა სამთავრობო ხარჯების შესამცირებლად – პრეზიდენტობის პირველ ვადაში USAGM-თან კონფლიქტი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და პროგრამული პრიორიტეტების გარშემო.
ტრამპმა თავისი უკმაყოფილება თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგაც გაიმეორა. ხოლო ამ მაუწყებლების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი აშშ-ის დიპლომატიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კონგრესმა დაიცვას USAGM-ი, უზრუნველყოს მათთან დაკავშირებული ჟურნალისტების უსაფრთხოება და კიდევ ერთხელ განაცხადოს, რომ აშშ-ის ხელისუფლება ერთგულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისა, შინაც და საზღვრებს გარეთაც”, – წერენ პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების დამცველი 28 ჯგუფის წარმომადგენლები აშშ-ის კანონმდებლებისადმი 19 მარტს მიწერილ წერილში.
ჩაერთვება თუ არა პროცესში ევროკავშირი?
RFE/RL-ის სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, მაუწყებლის მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.
USAGM არის აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს ახალი ამბებისა და ინფორმაციის მაუწყებლობას 50-მდე ენაზე, 361 მილიონამდე ადამიანისთვის ყოველკვირეულად.
2025 ფისკალური წლისთვის USAGM-სგან მოთხოვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 950 მილიონ დოლარს, რითაც უნდა დაფინანსებულიყო ყველა ოპერაცია და ინვესტირება. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (RFE/RL)-სთან ერთად, ეს მოიცავს “ამერიკის ხმას”, რადიო თავისუფალ აზიას, კუბის მაუწყებლობის ოფისს (Radio Marti), ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ქსელსა (MBN) და ღია ტექნოლოგიის ფონდს.
საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად.
ფორუმი
