აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა „შესაძლოა, ვერ გადარჩეს“ რუსეთთან ომში, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებისა.
ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა შესაძლოა, ვერ გადარჩეს. ის ომი არ უნდა მომხდარიყო და ის მოხდა. ასე რომ, ახლა ჩვენ ამ არეულობაში გავიჭედეთ“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, რას ფიქრობდა პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა შეიძლება, ვერ გადარჩეს.
დონალდ ტრამპის თქმით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ისეთი მკაცრი, როგორიც თავად. ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ის მოსკოვის მხარეზე დადგა.
„მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან მკაცრი რუსეთის მიმართ, უფრო მკაცრი, ვიდრე ვინმე ოდესმე ყოფილა. მე ვარ ის, ვინც შეაჩერა რუსული გაზსადენი, ნორდ სტრიმ 2. მე შევაჩერე ის. ბაიდენი მოვიდა და მან დაამტკიცა ის. მე ვარ ის, ვინც რუსეთს სანქციები დაუწესა. მე ვარ ის, ვინც ჯაველინები გასცა რუსეთის წინააღმდეგ. ძალიან მკაცრი ვიყავი, მაგრამ პუტინთან კარგად ვმეგობრობდი. ბაიდენი არ ყოფილა მკაცრი. ბაიდენს არაფერი გაუკეთებია. სუსტი, პათეტიკური კაცი იყო“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ახერხებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას როგორც ვლადიმერ პუტინთან, ასევე კიმ ჩენ ინთან და სი ძინპინთან. ამასთან, მინერალების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეთანხმება გაფორმდება. Fox News-ის წამყვანის კითხვაზე, ელოდება თუ არა ის ვოლოდიმირ ზელენსკის დაბრუნებას და მინერალების შეთანხმების ხელმოწერას, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მე ასე ვფიქრობ. მე ვფიქრობ, ეს მოხდება“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 350 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებმა – 100 მილიარდი დოლარი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს დისბალანსი მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა კონფლიქტთან და, შესაბამისად, მეტ საფრთხეშია, ვიდრე ამერიკა, რომელსაც ოკეანე აშორებს.
„ბაიდენს არასდროს უნდა გამოეყო 350 მილიარდი დოლარი. მას უნდა გაეთანაბრებინა ევროპასთან. როგორ შეიძლება ეს, როცა ჩვენს შორის ოკეანეა. ჩვენ არ ვართ ისეთ საფრთხეში, როგორშიც ისინი არიან. ისინი არიან გაცილებით დიდ საფრთხეში, თუ თქვენ ამას საფრთხეს უწოდებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ და ამით რუსეთს უფრო მეტ ფულს აძლევენ, ვიდრე უკრაინისთვის დახმარებაზე ხარჯავენ.
წყარო: 1 არხი
