დღეს აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
აშშ-ის დედაქალაქში სამხედრო აღლუმი 1991 წლის შემდეგ პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 6100-ზე მეტი ჯარისკაცი, 150 სატრანსპორტო საშუალება, 128 ტანკი და 62 თვითმფრინავი მიიღებს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებით, სამხედრო აღლუმს, სავარაუდოდ, 200 000-მდე ადამიანი დაესწრება.
ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (თბილისის დროით კვირა, 02:30 საათი) დაიწყება.
ამასთან, CBS News-ის ინფორმაციით, პარასკევს პოლიციამ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ 60-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარებასა და ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგებას აპროტესტებდნენ.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 79-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
