აშშ მოელის, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას შეამცირებს და ზუსტ მიზნობრივ ოპერაციებზე გადავა, რომელიც მიმართული იქნება აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული დაჯგუფება ჰამასის ხელმძღვანელობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა ვაშინგტონში წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი სიტყვებით, როგორც კი ისრაელის საბრძოლო მოქმედებები უფრო შერჩევით ხასიათს მიიღებს, სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანი საგრძნობლად უნდა შემცირდეს.
ისრაელი სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან რათა შეაჩეროს სამხედრო შეტევა, რომელმაც გაანადგურა ღაზის მჭიდროდ დასახლებული ნაწილი.
ისრაელის უახლოესი მოკავშირე, ვაშინგტონი გასულ კვირას გამოვიდა მოწოდებით, შემცირდეს ომის მასშტაბი და გადავიდეს ჰამასის წინააღმდეგ უფრო კონცენტრირებულ კამპანიაზე.
„კვლავინდებურად გვჯერა, რომ ისრაელმა არჩევანი არ უნდა აკეთოს ჰამასის საფრთხის აღმოფხვრასა და ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებას შორის. ის ვალდებულია გააკეთოს ორივე და ორივეს განხორციელების სტრატეგიული ინტერესი აქვს”, – თქვა ბლინკენმა.
ამავდროულად სახელმწიფო მდივნის, თქმით, აშშ გაოცებულია, რატომ არ მოუწოდებენ სხვა ქვეყნები ჰამასს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ.
ბლინკენმა მოუწოდა ყველას დაჯგუფებაზე ზეწოლისკენ, რათა ომის დასრულებისკენ გადაიდგას ნაბიჯები. “თუ ამას იზამს ჰამასი, მაშინ ეს ხვალვე დასრულდება“,- თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფების ჰამასის ტყვეობაში ამ დრომდე 130-ზე მეტი მძევალი რჩება, რომლებით პალესტინურმა დაჯგუფებამ ისრაელის სამხრეთზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაიტაცა.
მედიის წყაროები საუბრობენ, რომ ისრაელი კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით განაგრძობს ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთავაზებას მძევალთა ნაწილის გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელი ასევე სთავაზობს ციხეებში მყოფი პალესტინელების გათავისუფლებას.
ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის იერიშის შედეგად ოქტომბრიდან 20 ათასი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.
ბევრი ქვეყანა ისრაელს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ის მხოლოდ ჯიჰადისტურ ინფრასტრუქტურას უტევს და ჰამასს ადანაშაულებს ღაზას სექტორის საცხოვრებელ ადგილებში თავისი ინფრასტრუქტურის განთავსებაში.




