ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების პრობლემებისა და ღაზის აღდგენის მოკლევადიანი პრობლემების მოგვარება „შეუძლებელია“ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე, განაცხადა 19 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, ახლა ისრაელს აქვს ამის შესაძლებლობა, ვინაიდან რეგიონის ქვეყნები მზად არიან, ის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ, უთხრა მან ჟურნალისტებს.
”მაგრამ არ არსებობს გზა მათი გრძელვადიანი გამოწვევების გადასაჭრელად, რათა უზრუნველყოფილ იყოს მდგრადი უსაფრთხოება და არ არსებობს გზა ღაზის აღდგენის მოკლევადიანი გამოწვევების გადაჭრისა და ღაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გარეშე”, – თქვა მილერმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ეს პოზიცია აშშ-ს შეატყობინა. ამის შესახებ მან ხუთშაბათს საღამოს განაცხადა პრესკონფერენციაზე.
აშშ, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა, ემხრობა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას, რაც ისრაელის უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა. ეს გათვალისწინებულია გაეროს რეზოლუციებით. როგორც წესი, ამ სავარაუდო სახელმწიფოს ტერიტორიებად ასახელებენ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორს, ასევე აღმოსავლეთ იერუსალიმს.
ღაზის სექტორს 15 წლის განმავლობაში აკონტროლებს რადიკალური დაჯგუფება ჰამასი (ის ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული), რომელთანაც ამჟამად ისრაელი ომს აწარმოებს. დასავლეთ ნაპირს ნაწილობრივ მართავს როგორც ისრაელის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული პალესტინური ავტონომია, ნაწილობრივ კი – ისრაელი. ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს.
ნეთანიაჰუს თქმით, ჰამასზე სრული გამარჯვების შემთხვევაშიც კი ისრაელმა უსაფრთხოების მოსაზრებებით უნდა გააკონტროლოს ღაზა და დასავლეთი ნაპირი, ეს კი „ეწინააღმდეგება პალესტინურ სუვერენიტეტს“.
როგორც BBC შენიშნავს, იზრდება ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლა, რათა მოხერხდეს ღაზის ომის დასრულების შემდეგ პალესტინელთა პრობლემის გადაჭრის გზების პოვნა. დასავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოების წარმომადგენლების თქმით, ისინი მხარს უჭერენ, რომ ჰამასს ჩამოერთვას ღაზის კონტროლი, მაგრამ ამავე დროს ისინი წინააღმდეგი არიან, რომ კონტროლი განუსაზღვრელი ვადით გადავიდეს ისრაელის ხელში. ისრაელი მხარს უჭერს იმას, რომ ღაზას მართავდეს „განახლებული პალესტინური ადმინისტრაცია“, რაც შეიძლება ყოფილიყო ნაბიჯი პალესტინის სახელმწიფოს შექმნისკენ.
ნეთანიაჰუს განცხადების კომენტირებისას უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-სა და ისრაელს შორის აზრთა „სრულიად აშკარა“ სხვადასხვაობაა.
ღაზის სექტორში ომი დაიწყო 7 ოქტომბერს, როცა ჰამასი თავს დაესხა ისრაელს, მოკლა 1200-მდე ადამიანი და 200-ზე მეტი მძევლად აიყვანა (მათგან 130 უკვე გათავისუფლებულია). ამის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რომელთა შედეგად სექტორში 23 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მრავალმა ქვეყანამ გაკიცხა ისრაელი და მას ძალის განურჩევლად გამოყენებაში დასდო ბრალი. აშშ აღნიშნავს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე, მაგრამ ამავე დროს მას საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას სიფრთხილისა და პროპორციულობისკენ მოუწოდებს. უკანასკნელ ხანებში თავად ისრაელში სულ უფრო ხშირად გაისმის კრიტიკა ნეთანიაჰუს მიმართ, რომელსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ მას არა აქვს მძევალთა განთავისუფლების სტრატეგია და ომის შემდგომი ღაზის აღდგენის გეგმა.