აშშ ედმუნდო გონსალესს აღიარებს ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელის არჩეულ პრეზიდენტად აღიარა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ქვეყნიდან დევნილი ედმუნდო გონსალესი.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 28 ივლისს ჩატარდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი, სოციალისტი ნიკოლას მადურო.
გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის კანდიდატი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი იყო, ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებდა, რომ რეალურად გონსალესმა გაიმარჯვა ხმების 70%-ზე მეტით. ედმუნდო გონსალესის გამარჯვება დაადასტურეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა.
20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 28 ივლისს ვენესუელის ხალხმა პოზიცია მკაფიოდ გამოხატა და პრეზიდენტად ედმუნდო გონსალესი აირჩია. ბლინკენის განცხადებით დემოკრატია ამომრჩევლების ნების პატივისცემას მოითხოვს.
ედმუნდო გონსალესმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ვენესუელის ხალხის მიერ 28 ივლისს ჩადენილი სამოქალაქო გმირობისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვენესუელის საყოველთაოდ ცნობილი მტერი უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად