აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ

წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმების გახშირების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები იწყებს მრავალეროვნულ ოპერაციას, სახელწოდებით Prosperity Guardian. გადაწყვეტილება 18 დეკემბერს გამოაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენიდან ჰუთების უგუნური თავდასხმებით გამოწვეული ესკალაცია საფრთხეს უქმნის თავისუფალ ვაჭრობას და უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო სამართალს.
ოსტინი აღნიშნავს, რომ წითელ ზღვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი ნაოსნობისთვის და წარმოადგენს მსხვილ კომერციულ დერეფანს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობას ამარტივებს, ამიტომ აუცილებელია გაერთიანება და იემენში მოქმედი არასახელმწიფოებრივი სუბიექტის მიერ არაერთი ქვეყნის სატვირთო გემების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით გამოწვეული პრობლემის მოგვარება.
წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის და ადენის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუთები თავს დაესხნენ ორ სატვირთო გემს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ს გემები, თუმცა, თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.