“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის რეაგირებას ეხმიანება.
DRI-ის განცხადებით, 10 იანვარს პოლიციამ უზრუნველყო აქტივისტის დაცვა, თუმცა სამართალდამცველების განსხვავებული დამოკიდებულება აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ლოიალურ პოლიტიკას ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ და ახალისებს შემდგომ ძალადობას.
“შედარებისთვის, 2023 წლის 2 ივნისის მშვიდობიან აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცარიელი ფურცლის გამო დააკავა. 9 იანვარს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ მატრონა მოსკოველის ხატს, სადაც იოსებ სტალინია გამოსახული, პროტესტის ნიშნად საღებავი შეასხა. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა კი სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი მოწოდებები გაავრცელეს. 10 იანვარს ნატა ფერაძის სახლთან “კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს” წევრები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და ხატზე საღებავის შესხმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ნატა ფერაძე “ხატის შეურაცხყოფაში” დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ “თავად აღასრულებენ იმას, რაც სახელმწიფომ და კანონმა არ აღასრულა.” ძალადობრივი აქციის მონაწილეები არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოწოდებას და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი. ისინი აჟღერებდნენ მუქარის შემცველ განცხადებებს, როგორც ნატა ფერაძის, ასევე, ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების მიმართ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ შსს-მ ეფექტიანად უზრუნველყო აქტივისტის დაცვა პოლიციელთა დიდი რაოდენობით მობილიზებით და აქტივისტის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზის პოლიციის კორდონით გადაკეტვით. საჯაროდ გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციამ არ დაუშვა აქციის მონაწილეების მიერ სამართალდამცველთა ჯაჭვის გარღვევა. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო სამართალდამცავების ლოიალური დამოკიდებულება ძალადობრივი აქციის მონაწილეების მიმართ – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის სამართალდამცველებს აქციის მოძალადე მონაწილეების მიმართ არ გამოუყენებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებები, რაც აგრძელებს ხელისუფლების დათმობით პოლიტიკას და ახალისებს ძალადობას.
DRI-ის დაკვირვებით, პოლიციელების რეაგირება მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე ბევრად მეტი სიხისტით ხასიათდება, ვიდრე ძალადობრივი აქციების მონაწილეების აგრესიული ქმედებების მიმართ. აქციის დასრულების შემდეგ, ნატა ფერაძის მხარდამჭერ აქტივისტებს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც, ამ დროის მონაცემებით შსს-ს გამოძიება არ დაუწყია”, – ნათქვამია განცხადებაში.
DRI შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში, დაიწყოს გამოძიება თავდასხმის ფაქტზე და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების საპროტესტო აქციაზე არ დაუშვას კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აღკვეთოს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი.