ამ თოვლიან, უამინდო და უხასიათო დღეს წავიდა ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი ნათელი ფურცელი, ჩემი უფროსი მამიდა…
ზამთრის ადრიან საღამოებს მისი მოსვლა გვიხალისებდა, საღამოსპირს რომ გავხედავდით მეზობელი სოფლიდან მომავალ ბილიკს, თუ ხელის ფარანი ბჟუტავდა, ვიცოდით რომ მოდიოდა..
გამოარღვევდა ქმართან ერთად ან მარტო, წელამდე და უფრო მაღალ თოვლს, დაიფერთხავდა შეყინულ ფიფქებს ტანსაცმლიდან და გახსნიდა ჯადოსნურ ჩანთას, რომელშიც ყველაფერი ეტეოდა – ჩირი, ლოყწწითელა ვაშლები, ტყლაპი, და განსაკუთრებული საგანძური – რამდენიმე მუჭა კანფეტი….
განა ჩვენ არ გვქონდა ვაშლი და ჩირი, მაგრამ ხუთ ბავშვს აბა რა გვეზედმეტებოდა… თან მამიდას მოტანილს მაინც სხვა გემო ჰქონდა…
არ არსებობდა ჭირი თუ ლხინი, რომ ბიძაჩემი და თვითონ, წინა საღამოს ჩვენთან არ შეკრებილიყვნენ, მოითათბირებდნენ და კარგს გადაწყვეტდნენ თუ ავს – ქვას გაახეთქინებდნენ. რა დაუდგებოდა წინ ამათ ნაფიქრალს და გადაწყვეტილს…
… მთის ხასიათი და სოფლის ხასიათი საინტერესო და უნიკალური ფენომენია.
წუხელ, 12 საათიანი საგზაო ოდისეის შემდეგ, მივედი მშობლებთან, სახლში. სოფელი ტერასებადაა შეფენილი ფერდობზე და გზებიც შესაბამისად მიდის – ზედა უბანში ცოტა ზემო ზონიდან შედის, ჩვენთან კი ყველაზე იოლად მოსასვლელია.
ხულოს ცენტრიდან უკვე გაყინული იყო გზა, თუმცა ჩემი სოფელი ისეა განლაგებული, ამომავალი და ჩამავალი მზე უყურებს და გზის საფარი მშრალი დამხვდა, არ დამჭირდა არანაირი ზედმეტი წვალება, მშვიდად მოვედი სახლამდე.
წუხელვე მინდოდა ასვლა მამიდაჩემის უბანში, მაგრამ სოფლის იმ ნაწილში დაკიდული აღმართი ასდევს მკვეთრი მოსახვევებით ისეთ უმზეო ხევს, სადაც მთელი ზამთარი მზე არ იხედება საერთოდ და ისეთ ყინულს იკიდებს აღმართი, ასვლით შეიძლება ახვიდე, მაგრამ უკან ჩამოსვლის შანსი ნოლი. გარისკავ და ვეღარ ამოგკრეფენ მანქანიანად ხევში ჩალეწილს….
დღეს დილით მეფიქრებოდა, როგორ ავალ მეთქი მაგრამ სოფელს წუხელვე უფიქრია ამაზე – დილით ადრე, შვიდი-რვა კაცი მთელ გზაზე განაწილებული მიწას და.ნახერხს აყრიდა თურმე და როცა მივედი, ყინული აღარც კი ჩანდა. სანამ იქ ვიყავით, მორიგეობით დადიოდნენ და ამოწმებდნენ, სადმე ხომ არ ჩარეცხა მიწაო და ამატებდნენ… სოფლის ვიწრო ორღობეებში ცუდად გაჩერებულ მანქანებს აწესრიგებდნენ….
რაც მთავარია, სოფლების ზომიდან და განლაგებიდან გამომდინარე, არაა რამე დარბაზი, მოსული სტუმარი რომ დასვა და საჭმელი აჭამო, ამიტომ უახლოესი მეზობლის სახლში ათავისუფლებენ ფართს და დიდი და პატარა ტრიალებს, საჭმელს ამზადებენ, ალაგებენ, სტუმრებს ემსახურებიან…. საფლავის გათხრაზე და მოწესრიგებაზე არაფერს ვამბობ…
საჭმელსაც სოფელი ამზადებს და მიცვალებულიც მარტო იმ ოჯახისა არაა – მთელი სოფლისაა და სოფელი ისტუმრებს…
აი ასეთი სოფლები გვაქვს აქ და ასეთი სოფლები მიყვარს – შემეჩხრებული, შეცოტავებული ხალხით მაგრამ მაინც ღონიერი, ერთმანეთის მოყვარული და ყურადღებიანი….
ასეთები ვართ მთიელები, სადაც არ უნდა წავიდეთ…
