აქციის მონაწილე ახალგაზრდებს კობახიძე “კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს” უწოდებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს “კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს” უწოდებს და ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც მათ გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
კობახიძის სიტყვებით, საუბრობს “მოძალადე ახალგაზრდებზე”, რომლებიც [დავით] კეზერაშვილის, [მამუკა] ხაზარაძისა და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან.
“ყველა ცილისმწამებლური განცხადების ავტორი იზიარებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც გუშინ რადიკალური პოლიტიკური უმცირესობის შესრულებით ვიხილეთ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ასევე სრულად იზიარებენ აქციების ორგანიზატორი და წარმმართველი რადიკალური პარტიები, „ენჯეოები“ და მათი წარმომადგენლები…
პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია “ნაცმოძრაობის”, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს”, – ამბობს და მოუწოდებს მოქალაქეებს, გაემიჯნონ ამ “დაჯგუფებების ძალადობრივ ქმედებებს”, რომლებიც “მთლიანად ვიწროპარტიული და ანტისახელმწიფოებრივი მოტივებით არის ნაკარნახევი”.
ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია იწყება.
„აგენტების კანონი“, – ოფიციალურად, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“, – საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს