ამბობენ, გადადით ტროტუარიდანო, გზაზე ვერ გადავდივართ და მაშინ, სად წავიდეთ? – მე კანონი არ დამირღვევია, – ამის შესახებ მოქალაქე ანი ახმეტელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე პროცესი გაიმართა.
24 წლის ანი ახმეტელს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, „პარლამენტთან ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებოდა, რაც „ტროტუარზე დგომით გამოიხატა“.
შსს-ს წარმომადგენლების, თინათინ კაჭკაჭიშვილისა და თეონა დემურხანაშვილის თქმით, ანი ახმეტელმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიდინა. მათივე განმარტებით, აქციის გამართვის შესახებ მონაწილეებს შსს-ს თანხმობა არ ჰქონიათ, შესაბამისად, აქცია უკანონო იყო.
ამასთან, შსს-ს წარმომადგენელმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა წარმოადგინა ვიდეოკადრები, რითაც ამტკიცებდა, რომ ანი ახმეტელმა „ტროტუარზე დგომით კანონი დაარღვია“.
საპასუხოდ ადვოკატმა აღნიშნა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, ანა ახმეტელს არ გადაუკეტავს ტროტუარი და არც ვინმესთვის შეუქმნია საფრთხე იქ დგომით. ადვოკატის თქმით, ახმეტელი აქციაზე მივიდა და იდგა მარტო, პოლიციის წარმომადგენლებს კი მის მიმართ რაიმე მოთხოვნა არ ჰქონიათ.
„ახალი წელი დღესასწაულია, ახალ წელს აშშ-ში ინდაურებს იწყალებენ, ბატონო მოსამართლევ. ახლა ახალი წელია, საქმეებია და ეს როგორ გამოგრჩათ, ძვირფასო კოლეგებო. გთხოვთ, შეწყვიტოთ საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობის გამო“, – მიმართა მოსამართლეს და ბრალდების მხარეს ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ.
თავად ანი ახმეტელის თქმით, როდესაც ის აქციაზე მივიდა, ადგილზე არც პოლიციის მანქანა იდგა და არც თვითონ პოლიციელები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, სამართალდამცველთა მიერ მისი მისამართით რაიმე ტიპის გაფრთხილებას ადგილი არ ჰქონია.
„ადამიანურად მინდა ვისაუბრო ამ ფაქტთან დაკავშირებით. მაინტერესებს თქვენგან პასუხი კითხვაზე: ოქმში წერია, რომ მე არ დავემორჩილე პოლიციის გაფრთხილებას, სინამდვილეში მე არ გამიგია მითითება. აქციაზე მყოფები არ ვართ კანონდამრღვევები, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს, ვიცავთ კონსტიტუციას…
ამბობენ გადადით ტროტუარიდანო. გზაზე ვერ გადავდივართ და მაშინ, სად წავიდეთ? ხომ უნდა იყოს მითითებული, სად შეიძლება წავიდეთ?“,- განაცხადა ანი ახმეტელმა.
საბოლოოდ, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გადაწყვეტილების მიღება 30 დეკემბრისთვის გადადო.




