რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
მათ რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამ ფორმით ისინი პირისპირ დგანან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წინაშე.
აქციის მონაწილეებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვს ასევე შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე; „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.