აქციის მონაწილეებმა ზუგდიდსა და თბილისში პატივი მიაგეს საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას

ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მიმდინარე პროევროპული აქციის მონაწილეებმა პატივი მიაგეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნას.
პროტესტის 39-ე დღეს მოქალაქეებმა მდუმარე აქცია მოაწყვეს, სიტყვით გამოსვლებისა და მუსიკის გარეშე.
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები ს საოკუპაციო ხაზთან, საბერიო-ფახულანის ე.წ საზღვართან მივიდნენ და სიმბოლურად სანთლები აანთეს.
პროტესტის მონაწილეების თქმით, “საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული, ყველა ბავშვი იქნება ბედნიერი და არავის დავკარგავთ სიღარიბისა და რესურსებზე ნაკლები ხელმისაწვდომობის გამო”.
საბერიოში მომხდარი ტრაგედიას თბილისში მიმდინარე აქციაზეც გამოეხმაურნენ და სანთლები დაანთეს.
5 იანვარს, ს მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში გაჩენილ ხანძარს ერთი ოჯახის ხუთი მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.
მომხდარის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
უბედური შემთხვევის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება – რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
ერთ-ერთი ვერსიით კი, გამთენიისას ცეცხლის დანთებისას ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად შეცდომით ბენზინი ჩაასხა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ბებია გადარჩა და გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის დროს, პატარების მშობლები ზუგდიდში იმყოფებოდნენ.
ბავშვები მშობლებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ. ისინი ოკუპირებულ საბერიოში ბებიასთან საახალწლო არდადეგებზე იყვნენ ჩასული.