სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აქციებზე ფიზიკურ ძალადობას თან ახლდა მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება.
ანგარიში -„ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“ – დღეს, 14 მაისს წარადგინეს.
ანგარიში შეეხება 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მიზნით. დოკუმენტირების ფარგლებში ინტერვიუ ჩატარდა 117 პირთან, რომელთა 77.7% (91) მიუთითებს, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან.
ანგარიშის თანახმად, მსხვერპლთა მიმართ, ფიზიკური ძალადობის პარალელურად, აქტიურად გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგი ფორმები: მუქარა – სიცოცხლის მოსპობის, გაუპატიურების, ოჯახის წევრის გაუპატიურების, სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება.
„ცემის, ტრანსპორტირების ან სამართალდამცავი უწყების შენობაში ყოფნის დროს აქციის მონაწილეებს ხშირად ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ან სხვაგვარად ახორციელებდნენ მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რასაც, გარკვეულ შემთხვევებში, თან ახლდა ჰომოფობიური და ანტიევროპული ნარატივები“, – ნათქვამია ანგარიშში.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავენ, პოლიციის განყოფილებაში არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არა მხოლოდ უშუალოდ აქციაზე, არამედ ამ აქციების კონტექსტში დაკავებული სხვა პირებიც.
ანგარიშში გვხდება დაზარალებულთა ინტერვიუები, სადაც ისინი გაუპატიურების მუქარაზე საუბრობენ:
5 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა საბა სხვიტარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციამ არ განუმარტა დაკავების მიზეზი და არ მისცა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. დიღმის სამმართველოში გადაყვანის შემდეგ რამდენჯერმე სცემეს, მათ შორის, ცდილობდნენ მისთვის ხელის მოტეხას და თავზე ხის ნივთები გადაამტვრიეს. ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. 12 დეკემბერს სახლთან ახლოს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი იხსენებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ორჯერ სილა გააწნეს, წვივში ფეხი ჩაარტყეს, აიძულებდნენ ტელეფონისთვის კოდის მოხსნას, ემუქრებოდნენ ნარკოტიკის „ჩადებით“ და ეკითხებოდნენ, ვინ იყო აქციის ორგანიზატორი.20 წლის კაცი 2 დეკემბერს მომხდარს იხსენებს: „იქ მყოფმა სპეცრაზმელებმა იციან, რისთვის დგას მიკროავტობუსები. ამით არ გადაადგილდებიან. როგორც წესი, აქ მხოლოდ ხდება ხალხის ცემა და შემდგომ სხვა ავტომობილებში განაწილება, რის გამოც, შორს მდგომი სპეცრაზმელიც კი შორიდან იძახის, რომ „ახლა დაიწყება გართობა, ფორმაში მოგიყვანთ, „დუბინკით“ გაგაუპატიურებთ, ტრ*კში დუბინკას დაგიყენებთ, თქვენ ხო პიდარასტები ხართ და გევასებათო“. მიკროავტობუსში მოთავსებამდე გემუქრებიან, გაგინებენ ერთი და იმავე ტექსტებით“. 28 წლის კაცი 1-ლი დეკემბრის მოვლენებს, მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური შევიწროების ფაქტებს იხსენებს: „[დიღმის მთავარ სამმართველოში] როდესაც გაიგეს ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ [ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია], მეკითხებოდნენ, დარეგისტრირდა თუ არა ჩემი ორგანიზაცია ე.წ. „გამჭვირვალობის რეესტრში“, რამდენი მქონდა ხელფასი, შენ ვინ დაგასაქმაო. მკითხეს, მომწონდა თუ არა გოგოები და სხვა სექსუალური ორიენტაციის ხომ არ ვიყავი. ლგბტქი+ თემზეც მისვამდნენ კითხვებს. იყო სექსუალური შევიწროების ფაქტიც, პოლიციელი ჩემ გვერდით იჯდა და შემეხო ფეხზე (ძალადობის ფაქტის დროს შარვალი დამეხა და ამ ადგილას შემეხო), მკითხა, ფეხებს ვიპარსავდი თუ არა. ეს ჩემთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახველი. პარალელურად, გამუდმებით მიყვიროდნენ და მამცირებდნენ“. 20 წლის კაცი იხსენებს, რომ 4 დეკემბერს, გამთენიისას, აქციაზე მყოფ შეყვარებულთან შესახვედრად გამოსულს დაედევნნენ ნიღბიანი პოლიციელები თეთრი ავტომობილით, სცემეს დაემუქრნენ, შეავიწროვეს და დააკავეს: „ყოველ წამს იყო გინება, გაუპატიურებით, მოკვლით დამუქრება. აი, ახლა ჩიხში წავიყვანოთო, ვიდეო გადავუღოთო, დავასახიჩროთო… მო**ანით, გადაუღეთ და გადააგდეთო. ისეთ შოკში ვიყავი, რეაქციაც ვერ მქონდა. ამას რომ ამბობდნენ, თან სულ მირტყამდნენ. ერთს ვუთხარი, გული მაქვს ცუდად-მეთქი. „გული სად გაქვს, შე დედამო***ულოო“ და გულში, მკერდის ძვალზე დამიწყეს რტყმა. გაუპატიურებით რომ მემუქრებოდნენ და მირტყამდნენ, ერთმა ფეხზე მოფერება დამიწყო. ხელი რომ გავაწევინე, ყბაში ჩამარტყა მუშტი და მაგინა, „აბაროტი ვის მიეციო“ მომაძახა. ფეხზე რომ მეფერებოდა, თან მეუბნებოდა, „ახლა შენ მოგხედავთ, რომ ჩაგხდითო“. ბოლო ძალა მოვიკრიბე, ხელი გავაწევინე და ვის აგინებო, ისევ ცემა დამიწყეს. 4-5 ეტაპი იყო ცემის. არ შეწყვეტილა გინება, მოკვლის და გაუპატიურების მუქარა, შეყვარებულის გაუპატიურების მუქარა. ერთმა საერთოდ ყველას და ყველაფერს აგინა, ვინც მიყვარდა და მათი დახოცვით დამემუქრა. ხმას ვერ ვიღებდი, სულ მუშტი მხვდებოდა“. 32 წლის მამაკაცი 2 დეკემბერს პოლიციის მხრიდან გაუპატიურების მუქარას იხსენებს: „პოლიციის მანქანაში პოლიციელების მხრიდან იყო ძალიან ძლიერი მუქარა. მეუბნებოდნენ, რომ სადაც მიმიყვანდნენ, იქ გამაშიშვლებენ, გამაუპატიურებენ, მაშხალებს შიშველ სხეულზე მომადებდნენ და მაგით გამაუპატიურებდნენ. დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი წინ მელოდა. ვფიქრობდი, რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ამას გავუძლო-მეთქი. ყველაზე მძიმედ კი მახსოვს, რომ მეუბნებოდნენ, ახლა რომ ავალთ, გავიგებთ შენს მისამართს და შენს ოჯახს ამას ვუზამთ, იმას ვიზამთო, შენს ცოლს-შვილს გავაუპატიურებთო. ეს არის ტრავმა, რომელიც არა მხოლოდ იმ მომენტში მივიღე, არამედ მერეც გამომყვა“.
ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წერილებიდან შესაძლებელია პოლიციელთა ქცევის მსგავსი მოდელების განსაზღვრა.
„ხშირია ჰომოფობიური და ანტიევროპული სიძულვილის ენის გამოყენება, ჯგუფური ძალადობა, ხელებშეკრული პირების მიმართ ძალადობა, გაუპატიურების და მოკვლის მუქარა, მუქარისა და ძალადობის დროს გამოყენებულია მსგავსი ფრაზები.
ძალადობის ამდენად სისტემური და მასშტაბური ხასიათიდან გამომდინარე, პირველივე შეტყობინებების მიღების შემდეგ საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უნდა ევარაუდათ, რომ ქმედებები იყო არა დამნაშავის ინდივიდუალური გადამეტება, ძალადობის იზოლირებული აქტი, არამედ ხორციელდებოდა გაცემული ბრძანების საფუძველზე.
მაგალითად, საგამოძიებო ორგანოსთვის ძალადობის სისტემური ხასიათის ერთ-ერთი აშკარა მიმანიშნებელი უნდა ყოფილიყო არასათანადო მოპყრობისთვის მობილიზებული მიკროავტობუსები, რომლებზეც ძალადობის მსხვერპლებიც უთითებდნენ და რომლებიც იმგვარად იყო მოწყობილი, რომ შიგნით განთავსებულ პირებზე ადვილად ეძალადათ. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაცნობის საფუძველზე ობიექტურ პირს უნდა ევარაუდა, რომ სისტემური და მასშტაბური ძალადობა წინასწარ დადგენილი გეგმით ხორციელდებოდა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
