თუს-ს პირველ კორპუსთან, სადაც სოლიდარობის აქცია დაიწყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მსვლელობით გმირთა მოედანთან წასვლისკენ მოუწოდა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისინი თსუ-დან ვარაზისხევის გავლით გაემართებიან გმირთა მოედნისკენ, რომელიც 22:00 საათამდე გადაკეტილი იქნება.
„თსუ-ს სტუდენტები არ არიან ღირსნი, რომ ასეთი რექტორი ჰყავდეთ და რაც მთავარია, ეს უნივერსიტეტი არ არის ღირსი, რომ ასეთი რექტორი მართავდეს, რომელიც იმას კადრულობს და აკადრებს სტუდენტებსა და უნივერსიტეტს, რაც არ უკადრებიათ საბჭოთა კავშირის დროს. ახლა მთავარი – ყველანი ერთად ვიკრიბებით აქ, ჩავდივართ გმირთა მოედანზე და ვკეტავთ გმირთა მოედანს. გმირთა მემორიალთან ვიკრიბებით და 22:00 საათამდე ვდგავართ იქ“, – განაცხადა აქციაზე ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები “გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან სოლიდარობას გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.