აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა სერგეი კუხარჩუკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ყველა მათგანი უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული.
„პირველად ვხედავ, ბრალდებულები ისხდნენ ციხეში უდანაშაულოდ. ჩემს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, დაკავებულები ვართ და ჩვენს მიმართ არასამართლიანი ბრალდებაა გამოყენებული მტკიცებულებებით, რომელიც არ არსებობს. აღშფოთებული ვარ პროკურატურით და სამართალდამცავებით. მაქვს აზრი, რომ სასამართლო ცრუა და სამართალი სასამართლოში არაა, გაუმარჯოს საქართველოს, სლავა უკრაინა“,- განაცხადა კუხარჩუკმა.
ის უკრაინის მოქალაქეა, ქართულ ენას არ ფლობს, შესაბამისად, თარჯიმნით სარგებლობს, სწორედ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დააფიქსირა დაცვის მხარემ პრეტენზია. ადვოკატ ბექა ხახობაშვილის თქმით, ბრალდებულმა „სლავა უკრაინაო” თქვა, თარჯიმანმა კი „უკრაინა სლავაო” თარგმნა.
ადვოკატის თქმით, ის ვერ იგებს, რას უთარგმნის თარჯიმანი და ამის კონტროლი არ არის.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის განმარტებით კი, „სასამართლომ ძალიან კარგად გაიგო და მათ თუ ვერ გაგიგეს, ეს მათი პრობლემაა”.
ცნობისთვის, დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
