სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც აპრილ-მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციცელების ჩადენილ ძალადობას იძიებს, პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუცია არც ერთი პოლიციელი.
ამის შესახებ ირკვევა ინფორმაციიდან, რომელიც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს, 8 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციაში საუბარია რუტინულ საგამოძიებო მოქმედებებზე — რამდენი ადამიანი გამოკითხეს, რა დოკუმენტაცია ამოიღეს, რამდენი ადამიანი ცნეს დაზარალებულად, თუმცა კონკრეტული არაფერი ადამიანებზე, რომლებიც აქციის ზოგ მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ.
საგამოძიებო სამსახურს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.
როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 137 პირი (13 ჟურნალისტი), ხოლო 78 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა (ამ დროისთის მხოლოდ 1 ექსპერტიზის დასკვნაა მოსული). ასევე, იდენტიფიცირებულია გამოძიებისთვის საინტერესო სათვალთვალო კამერები.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სატელევიზიო ეთერებიდან, ინტერნეტიდან, სათვალთვალო კამერებიდან და ა.შ. ამოღებულია 700 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალა, ასევე, დაკავების ოქმები, სამედიცინო დოკუმენტაცია და.შ.
დაზარალებულად ცნობილია 10 პირი. უწყება ამბობს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად გაავრცელებს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე ძალადობის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გახდა. განსაკუთრებული სისასტიკით პოლიციელები გაუსწორდნენ აქტივისტ დავით ქაცარავასა და ენმ-ის თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილს. მათი ცემისთვის ამ დრომდე არავინ დაუკავებიან.
გარდა ამისა, გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია პოლიციელების მხრიდან, მათ შორის, დაკავებული აქტივისტების ცემის ფაქტები.