ვიდეოსათვალთვალო კამერის სადენებისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით დაკავებული არჩილ მუსელიანცი მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითვალისწინებდა.
არჩილ მუსელიანცი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი იზოლატორში „შანტაჟის, მუქარის და დაშინების მსხვერპლი“ გახდა.
„თქვენ არსად არ აპირებთ ჩემს გაშვებას. ყველამ იცით, სტანდარტია უკვე. არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ არის. ეჭვი და ვარაუდი მაქვს, რომ სასამართლო მოქმედებს მიკერძოებულად, რასაც ზემოდან დაავალებენ, იმას ასრულებენ. უნდობლობას გიცხადებთ და არ ვაპირებ თანამშრომლობას რეჟიმთან. რაც გინდათ ის გიქნიათ“, – თქვა დაკავებულმა პატიმრობის გადასინჯვის ეტაპზე.
მუსელიანცის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაკავებულს რამდენიმე დღის განმავლობაში იზოლატორიდან იზოლატორში ეძებდა და როცა საბოლოოდ დიღმის მესამე სამმართველოში მიაკვლია, უკვე სისხლის სამართლის წესით დახვდა დაკავებული. მუსელიანცი თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მას ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყაროს მიზანმიმართული დაზიანება და მისთვის ცეცხლის წაკიდება, რათა აქციაზე მყოფების სახეების იდენტიფიცირება შეუძლებელი ყოფილიყო. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, რომ დაკავებულ მუსელიანცს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, კანონდარღვევით შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ.
„პოლიციის სამმართველოში აიძულებდნენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის დაედო ხელი. დიღმის მესამე იზოლატორში, მერვე სართულზე, აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. სთხოვდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ…
რომ არ გავტყდი და არ ავიღე ჩემს თავზე ის სისულელე, რასაც მთხოვდნენო, მერე უკვე ოჯახით დამემუქრნენო. გაეცინა, რადგან ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე“, – უყვება რადიო თავისუფლებას დიმიტრი ვარდიაშვილი.
სასამართლოზე ითქვა, რომ არჩილ მუსელიანცი წარსულში ნასამართლევია და არის პირობითი მსჯავრის ქვეშ. ორჯერ ადმინისტრაციული წესითაა ცნობილი სამართალდამრღვევად.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს, 13:00-ზე დაიწყება.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
პოლიციამ 28 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის წესით 45 ადამიანი დააკავა. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.