ადვოკატის, ელგუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, აქციაზე დაკავებულმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, რომელმაც მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, შიმშილობა შეწყვიტა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავსაჯანიშვილი აცხადებს, გუშინ, ჯავახიშვილს გული ორჯერ წაუვიდა და მისი ოჯახის წევრების თქმით, 16 კილო აქვს დაკლებული.
„როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილის ოჯახის წევრმა მითხრა, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია. გუშინ ორჯერ წაუვიდა გული.როგორც მისმა ოჯახის წევრებმა მითხრეს, დაკლებული აქვს 16 კილო. გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტაციასაც. გუშინ, ასევე, ვითხოვდით სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას და აღნიშნულიც არ განხორციელებულა, როგორც ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მითხრა. დღეს უკვე მასთან მე შევდივარ. ასევე, მაქვს მათი [სახალხო დამცველის წარმომადგენლისა] და ჩემი კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც გაფრთხილებული მყავდა რომ იწერებოდა, სადაც უარს მიცხადებდნენ იმ მომენტში შესვლაზე, [ამბობდნენ] შევალთ, მაგრამ არ ვიცით როდისო. თუმცა, შაბათს შევიდნენ, მაგრამ ვერაფერი მოაგვარეს“, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ჯავახიშვილი სხვა პირებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 21 იანვარს დაიწყო.