აქციაზე დაკავებული 5 პირის საქმის პროკურორი – მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არ იყო სპონტანური, ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებული იყო, ისინი მედიაში აცხადებდნენ, რომ გეგმა არსებობდა, 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არ იყო სპონტანურად, ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებული იყო, ისინი მასმედიის საშუალებით აცხადებდნენ, რომ გეგმა არსებობდა, რასაც გააჟღერებდნენ, 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და 4 ოქტომბერს დაასრულებდნენ,- ამის შესახებ დაკავებულ პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა.

როგორც მან წარმოდგენილ შუამდგომლობაში განმარტა, საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული.

„მტკიცებულებათა ერთობლიობაა წარმოდგენილი, რითაც დგინდება, რომ მათ ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ძალადობრივად ჩართვის მიზნით, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწოდებები გააკეთეს, ისინი რევოლუციის საჭიროებისკენ მოუწოდებდნენ და მათი განცხადებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ ხელისუფლებას. მათ საზოგადოების ფართო წრეს მოუწოდეს ხელისუფლების დამხობისაკენ. 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის ს დღეს, ხუთივე მათგანმა მასმედიის საშუალებებით განაცხადეს, რომ ორგანიზატორები იყვნენ. პაატა ბურჭულაძის მიერ დანაშაულებრივი ქმედების მოწოდების შემდეგ, უკვე მურთაზ ზოდელავამ დაავალა საზოგადოებას, პოლიციას არ დამორჩილებოდნენ. ორბელიანის მოედანზე ისინი ნივთების გამოყენებით მუნიციპალური და კერძო პირთა ქონებას მიზანმიმართულად აზიანებდნენ. მას შემდეგ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები და დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეები შენობის ეზოში შეიჭრნენ, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ქვებისა და სხვა საგნების გამოყენებით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებებია წარმოდგენილი.

მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არ იყო სპონტანურად, ძალადობრივი ქმედებები ორგანიზებული იყო, ისინი მასმედიის საშუალებით აცხადებდნენ, რომ გეგმა არსებობდა, რასაც გააჟღერებდნენ, 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და 4 ოქტომბერს დაასრულებდნენ.

მ მურთაზ ზოდელავასთან ერთად, ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ გეგმა, რომელსაც აქციაზე გააჟღერებდნენ.

წარმოდგენილია ასევე ვიდეო, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორები არიან თვითონ. ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ მიემართებიან დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები პრეზიდენტის სასახლისკენ და როგორ შეიჭრნენ იქ.

მურთაზ ზოდელავა ზემოთ აღნიშნული ქმედებების შემდეგ, აქტიურად მიმართავს საზოგადოებას, შემდეგ დღეებშიც გაეგრძელებინათ ეს ქმედებები. მურთაზ ზოდელავამ ჟურნალისტს კითხვაზე უპასუხა, რომ [შეჭრა] მათი სწრაფი გამარჯვების გეგმა იყო და მათ პირადად მისცეს მოქალაქეებს მაგალითი, როგორ მოქცეულიყვნენ.

ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია, რომლითაც დადგენილია ასევე ძალადობრივი ქმედებების შედეგად დამდგარი ზიანი”,- განაცხადა თოდუამ.

მან ხუთივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც თოდუა განმარტავს, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.