თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავების მანქანაში სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც მოქალაქემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში (“მე-17 სართულზე”) გაიხსენა, ის დაკავების შემდეგ იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს.
ძიძიგური იხსენებს, რომ ის მელიქიშვილის გამზირზე ტროტუარზე იდგა, როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელი თმებში ქაჩავდა, რაც მან გააპროტესტა, რის შემდეგაც პოლიციის მაღალჩინოსანმა მას შეაგინა და დაკავების მანქანაში ჩასვა.
“დაკავების მანქანაში პოლიციელების მხრიდან ხდებოდა ჩემი სექსუალური შევიწროება. ისინი დამამცირებელი ჟესტებით მიმითითებდნენ და მომმართავდნენ. მანქანაში მუხლებზე დამაყენეს, მიუხედავად იმისა, რომ უკანა სავარძელზე მხოლოდ ერთი პოლიციელი იჯდა [და ადგილი იყო]. მე ვთხოვდი რომ სავარძელზე დავესვი, თუმცა ეს არ გააკეთეს. მივმართავდი, რომ დამსვით სავარძელზე, უსაფრთხოების წესების დარღვევით ვმოძრაობ-მეთქი, მაგრამ რეპლიკები მოდიოდა, ღვედი ხომ არ გაგიკეთოთ, ახლა გავაჩერებთ და დაგსვამთო… თუმცა მთელი გზის განმავლობაში მე მუხლებზე ვიდექი”, – ამბობს ძიძიგური და დასძენს, რომ ორივე იმ პოლიციელის ამოცნობა შეუძლია, ვინც მას ამცირებდა.
მისივე თქმით, მართალია ის პოლიციის მაღალჩინოსანმა დააკავა, რომლის ამოცნობაც ასევე შეუძლია, თუმცა ოქმის შედგენისას მის დამკავებლად პოლიციის ქალი ინსპექტორი ჩაწერეს, რაც ტყუილია და ცრუ მოწმეობა გამოდის.
ძიძიგურის საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ ყოფილა. თსუ-სთან აქციის დაშლის შემდეგ პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით. ზოგიერთი დაკავებულის სასამართლო უკვე ჩატარდა და მათ ან 8-დღიანი პატიმრობას ან ფულად ჯარიმას უფარდებენ.