“აქვს ჩალურჯებები და სისხლნაჟღენთები” – ადვოკატის თქმით, ვახო ფიცხელაური ძალის გადამეტებით დააკავეს

ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, აქტივისტ ვახო ფიცხელაურზე პოლიციამ ფიზიკურად იძალადა. ზაჰესის იზოლატორში მონახულების შემდეგ, ადვოკატი გიორგი ჩხეიძე წერს, რომ ფიცხელაურს “აღენიშნება დაზიანებები ჩალურჯებების და სისხლნაჟღენთების სახით მკლავებზე, ზურგსა და იდაყვებზე”.
“დაკავებისას ადგილი ჰქონდა, როგორც მინიმუმ, ფიზიკური ძალის გადამეტებას. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას და ერთგვარ, აგდებულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და რომ, თითქოს, მას კონკრეტული პარტიის მოსვლა სურდა ხელისუფლებაში. ეს იყო ძირითადი შინაარსი იმ საუბრებისა, რაც შედგა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელსა და თავად ვახოს შორის, რასაც ვახო ადასტურებს […] ძირითად, მუქარა მიმართული იყო მისი სისხლისსამართლებრივი წესით დაკავებასთან დაკავშირებით – ემუქრებოდნენ, რომ დააკავებდნენ სისხლის სამართლის წესით, რომ იგი გაიზიარებდა იმ პიროვნებების ბედს, რომლებიც იყვნენ დაკავებულები უშალოდ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზების საქმეზე. საუბარია პაატა ბურჭულაძეზე, მურთაზ ზოდელავაზე და სხვა პიროვნებებზე”, – ამბობს ადვოკატი TV პირველთა საუბრისას.
გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, ფიცხელაური დააკავეს გორში, საბავშვო ბაღისკენ მიმავალ გზაზე, იმ დროს, როცა შვილის წამოსაყვანად მიდიოდა.
ფიცხელაურის ცოლი, თეონა ბზიშვილი ყურადღებას ამახვილებს -ის გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს ფიცხელაურის შეყვანა პოლიციის განყოფილებაში. კადრში ჩანს, რომ ფიცხელაურს აცვია ჯინსის შარვალი, რომელიც არის დახეული და დაზიანებული – ცოლის თქმით, ეს ადასტურებს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს.
“ვახოს დაკავების მომენტში ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ ძალადობას და ძალის გადამეტებას, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას და დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას. არ ვიცი, შესაძლებელია სხვა პატიმრების შემთხვევაშიც ჰქონდა მსგავსს ადგილი. ზუსტად ახლა, 10 წუთის წინ შემხვდა კადრები დაკავების, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, საკუთარი ორი თვალით შეუძლია ნახოს, როგორი ძალადობის მსხვერპლი არის ვახო. უკანა კადრში, ყველა დავინახავთ, რომ შეჰყავთ დაგლეჯილი შარვლით. ვახოც იქიდან მატყობინებს შემდეგს: ველოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ მსგავს სიგიჟეს არ ველოდი. ჯერ ყველაფრის გახსენება მჭირს. ხელებზეც დალურჯებები აქვს, ზურგზეც დალურჯებები აქვს, ერთადერთი, ამ ეტაპზე გამტაცებლებისგან განსხვავებით სახე დაინდეს. თუმცა, გამტაცებელიც სისტემა არის ჩემთვის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ამის საპირისპიროში ვერავინ ვერ დამარწმუნებს”, – ამბობს თეონა ბზიშვილი TV პირველთან საუბრისას.
ვახო ფიცხელაური და კიდევ 12 ადამიანი დააკავეს გუშინ, 6 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კიდევ ორი პირზე ძებნა გამოცხადებული.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
· 317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
· 222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით)
· 225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით)
· 187-ე – ნივთის დაზიანება, ან განადგურება (ითვალისწინებს პატიმრობას 1-დან 5 წლამდე).
ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრ: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, , მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
ზოდელავას, ბურჭულაძესა, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:
· 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ბურჭულაძეს, ნადირაძესა და ზოდელავას, დამატებით, წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.