აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი აცხადებს, რომ ხელმოწერას არ ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის ნაციონალური გვარდიის ფედერალური სამსახურის დანაყოფსა და აფხაზეთის შინაგან სამინისტროს შორის შეთანხმების პროექტი.
“ჩვენ ვიზიარებთ მოქალაქეების მღელვარებასა და შეშფოთებას და, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენს უწყებაში, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში, არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, აფხაზეთის სახელმწიფოს ინტერესების თუ მოქალაქეების საზიანოდ იმოქმედონ”, – აცხადებს კიუტი.
დე ფაქტო მინისტრის თქმითვე, აფხაზეთი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამ სტატუსს 30 წელია იცავს. შესაბამისად, როგორც ის განმარტავს, აფხაზეთის კონსტიტუციაც და კანონმდებლობაც გამორიცხავს სხვა სახელმწიფოს სამართალმდაცველი ორგანოების მიერ უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას აფხაზეთში.
რუსეთის ფედერაციის ნაციონალური გვარდიის ფედერალური სამსახურის დანაყოფსა და აფხაზეთის შინაგან სამინისტროს შორის შეთანხმების პროექტი აფხაზურ ოპოზიციურ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი აღაშფოთა.