აფხაზეთში რუს ტურისტებზე უარყოფითი განცხადების გამო ტურიზმის სამინისტროს თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც რუსული სააგენტო ТАСС წერს, “აფხაზეთის ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელი კრისტინა ლაკერბაია, რომლის მიერ ბოლო დროს გამოთქმულმა მოსაზრებებმა ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია, თანამდებობიდან დათხოვნილია. ამის შესახებ პრეზიდენტ ბადრა გუნბას აფხაზეთის ტურიზმის დე ფაქტო მინისტრმა ასტამურ ლოგუამ აცნობა”.
მანამდე ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა შედარებით მცირე თანხებს ხარჯავს – ეს თემა რამდენიმე მედიასაშუალებამ გააშუქა.
„ბადრა გუნბამ ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა მინისტრის თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებიც ფართო რეზონანსს იწვევდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის, ისევე როგორც აფხაზეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, აღშფოთებულია ტურიზმის სამინისტროს თანამშრომლის დამოკიდებულებით რესპუბლიკის სტუმრების მიმართ და მიაჩნია, რომ ასეთი საქციელი ზიანს აყენებს აფხაზეთის ავტორიტეტს. თავის მხრივ, ტურიზმის მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს გააცნო ინფორმაცია, რომ ლაკერბაია, რომელმაც ეს აღმაშფოთებელი განცხადება გააკეთა, დათხოვნილია დაკავებული თანამდებობიდან“, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
გუნბას თქმით, „სტუმართმოყვარეობა ის თვისებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა აფხაზ ხალხს”.
“მინდა შევახსენო იმ ჩინოვნიკებს, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს – როგორ გვიხაროდა ომისშემდგომ აფხაზეთში ყოველი ჩამოსული ადამიანი, ვისაც ჩვენთან დასვენება სურდა. ყოველი ტურისტის ვიზიტი ჩვენთვის მშვიდობიან ცხოვრებაში დაბრუნების სიმბოლო იყო. ამიტომ სრულიად მიუღებლად მიმაჩნია მსგავსი განცხადებები სტუმრების მისამართით. ჩვენი სასტუმროს მეპატრონეებმა, გიდებმა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებმა თავიანთი გულისხმიერი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით უკვე დაამტკიცეს, რომ აფხაზეთში სტუმრებს არ ანსხვავებენ მატერიალური შესაძლებლობებით. მჯერა, რომ მილიონობით ადამიანი, ვინც ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში ისვენებს, არ შეიმჩნევს ამგვარი ჩინოვნიკების დაუფიქრებელ სიტყვებს“, – თქვა გუნბამ.
