აფხაზეთში ოპოზიციონერზე თავდასხმის გამო, გამგებლის გადადგომას ითხოვენ – აფხაზური მედია

“აფახაზური პორტალის” ინფორმაციით, 19 იანვარს, ს დე ფაქტო რესპუბლიკის გაგრის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელმა, იური ხაგუშმა ავტომატით შეიარაღებული მესაზღვრეების თანხლებით, მიაკვლია და თავს დაესხა გაგრაში მცხოვრებ მიხაილ გოლოვინს, პრეზიდენტობის კანდიდატისა და ოპოზიციონერის, ადგურ არძინბას აგიტატორს.
ტელეგრამ არხის ცნობით, იური ხაგუში მიხაილ გოლოვინს ძალადობით დაემუქრა და ოპოზიციის სასარგებლოდ კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა. ადმინისტრაციის უფროსის დაცვამ ახალგაზრდას სცემა და მასა და მის ოჯახს შემდგომი პრობლემებით დაემუქრა, რადგან ის რუსია და აფხაზეთში ნათესავები არ ჰყავს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაიონის გამგებელმა ნაცემი მიხაილ გოლოვინის მშობლებზე ზეწოლა მოახდინა, რომ არ დაედასტურებინათ ეს ინფორმაცია. არტურ გოლოვინის მიმართვა გამოჩნდა ტელეგრამ არხებზე, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის შვილზე თავდასხმის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა, თავად მიხაილ გოლოვინმა უარყო მამის სიტყვები და თქვა, რომ ის ჩასვეს და მანქანაში და ჰკითხეს, უჭერდა თუ არა მხარს ადგურ არძინბას.
“მას შემდეგ, რაც დადებითად ვუპასუხე, დამარტყეს,” – აღნიშნულია მის მიმართვაში.
საპრეზიდენტო კანდიდატების ადგურ არძინბასა და ოლეგ ბარციცის საარჩევნო შტაბებმა დაგმეს ინციდენტი.
“არავის აქვს უფლება მოახდინოს ზეწოლა აფხაზეთის მოქალაქეებზე, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და, განსაკუთრებით, ეროვნების საფუძველზე,” – აცხადებენ ადგურ არძინბას შტაბში.
“ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ძირს უთხრის ნდობას საარჩევნო კამპანიის მიმართ, არამედ სერიოზულ ზიანს აყენებს საზოგადოებრივ წესრიგს და სამთავრობო ორგანოების რეპუტაციას,”- აღნიშნა ოლეგ ბარციცის შტაბმა.
ორშაბათს ღამით, გაგრის დე ფაქტო ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. დე ფაქტო უწყება სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვს, ჩაატარონ საფუძვლიანი გამოძიება.
“თუ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა, ვითხოვთ საჯარო ბოდიშის მოხდას საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო შტაბებისგან,” – ნათქვამია განცხადებაში.
19 იანვარს, საღამოს, მოქალაქეები გაგრის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. ისინი იური ხაგუშის გადადგომას ითხოვდნენ.
“პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას თხოვნით, პროტესტის მონაწილეებმა დაშლა გადაწყვიტეს,” – ნათქვამია ტელეგრამ არხზე “RESPUBLICA”.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ე.წ. საპრეზიდენტო 15 თებერვალს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი დაარეგისტრირა:
· მოქმედი პრეზიდენტი ბადრუ გუნბა;
· აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი ს ფედერაციაში ოლეგ ბარციცი;
· ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, “აფხაზთა სახალხო მოძრაობის” ლიდერი ადგურ არძინბა;
· აუდიტის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ არშბა;
· “შავი ზღვის განვითარების ბანკის” თავმჯდომარე ადგურ ხურხუმალი.