“შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც დაათმო სუვერენიტეტი, ნებისმიერ ფასად გაიტანა ანტიეროვნული გადაწყვეტილებები და პრეზიდენტისა და მთავრობის კომპლექსი რკინის ბარიერებით შემოიღობა, გარკვეულწილად მაინც მოახერხა რევანშის აღება”, – ასე ეხმაურებიან აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ბადრა გუნბამ 56,85% მიიღო, მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ადგურ არძინბამ – 43,15%.
აფხაზეთის ერთიანობის სახალხო ფორუმის განცხადებით, მიზნის მისაღწევად, ერთი კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებული იქნა „მეგობარი სახელმწიფოს“ ადმინისტრაციული რესურსების უზარმაზარი არსენალი, ყველა შესაძლო ბიუროკრატიული ბერკეტი და სხვა საშუალებები.
“ეს ყველაფერი მიმდინარეობდა უხეში კანონდარღვევებით, აშკარად, თითქოს სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად ფეოდალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. დღე და ღამე რუსეთის ტელეკომპანიები ემსახურებოდნენ ერთ კანდიდატს. ჰუმანიტარული დახმარება, მილიონობით ფინანსური რესურსი, ელექტროენერგიის გადინება, სატრანსპორტო ქარავნები – ყველაფერი მიზანმიმართულად იგზავნებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორც კეთილი ნების გამოხატულება ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ. ჟურნალისტები, ბლოგერები, პოლიტოლოგები და სოციოლოგები თითქმის ერთხმად ადიდებდნენ ერთ კანდიდატს და ამასთან, მეორე კანდიდატს უმძიმეს ბრალდებებს უყენებდნენ – „თურქეთის აგენტი“, „ინგლისის მორჩილი“ და ა.შ. ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტი, ავტომატურად კლასიფიცირდებოდნენ „არასაიმედო და ანტირუსულ“ პირებად”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ 42 ათასი აფხაზი მოქალაქე, რომლებმაც მხარი დაუჭირეს” პრინციპულ და შეუპოვარ ლიდერ ადგურ არძინბას”, ყურადღებით დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
“ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც არაერთ საჯარო გამოსვლაში, მათ შორის დებატებზეც, ნათლად დააფიქსირა აფხაზურ-რუსული კავშირის რეალური განვითარების ხედვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ აფხაზეთის ხალხის კონსოლიდაციას, მაგრამ არა კომერციული ინტერესების გარშემო, არამედ სულიერი, იდეოლოგიური ერთობისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის. დესტრუქციული პროცესების, კორუფციული სქემებისა და უკანონო გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ საკითხში საზოგადოებრივი მხარდაჭერის მძლავრ ტალღას მიიღებს, მიუხედავად ხელისუფლების მიერ აღმართული ბარიერებისა”.
