აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის წევრები რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას ეცნობიან

აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრები, ს მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, მეორე დღეა, რეგიონებში იმყოფებიან და დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ ვითარებას პირადად ეცნობიან, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს აფხაზეთის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილზე გამართეს.
„ვიმყოფებით დასავლეთ საქართველოში, ვეცნობით დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს, ვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, რათა მყისიერად და ოპერატიულად შევძლოთ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრა“, – განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა დოლბაძემ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრებმა აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და ადგილზე სტიქიის შედეგად არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
„შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც სწავლობს სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიმყოფებით რეგიონებში, მოვიარეთ კომპაქტურად ჩასახლებული ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის ყველა ლოკაცია. ვსწავლობთ როგორც ახლანდელ პრობლემებს, რომელიც სტიქიამ შექმნა, ასევე იმ პრობლემებს, რაც აქამდეც ჰქონდათ. დახმარება სჭირდებათ ამ ადამიანებს და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის“, – განაცხადა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა, გიორგი ძიგუამ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაო ჯგუფის წევრები, ცენტრალურ უწყებებთან სრულ კოორდინაციაში იმყოფებიან.