ფონდის „აფხაზეთის კინოს“ ხელმძღვანელმა ალექსანდ ბასარიამ, ბოდიში მოიხადა მანამდე რუს ტურისტებზე ნათქვამის გამო, რომ ისინი „ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის საფრთხეს“ წარმოადგენენ.
მან ბოდიშის მოხდის ვიდეომიმართვა თავის ფეიბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ბასარიას თქმით, ის გულწრფელად ნანობს, რომ „დაუფიქრებელი განცხადებებით უამრავი ადამიანი შეურაცხყო“.
„მშვენივრად მესმის ადმიანებს გრძნობები, რომლებიც ჩემი უადგილო სიტყვებით განაწყენდნენ. აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ახლა მესმის, რომ სწორედ ასეთი პროვოკაციული განცხადებები, როგორიც მე დავუშვი, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შექმნილი ფონდი „აფხაზეთის კინო“ – ეს არის კერძო ორგანიზაცია და არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად გთხოვს პატიებას, ძალიან ვნანობ ჩემს დაუფიქრებელ საქციელს“, – ამბობს ის.
უცნობია, ვიდეომიმართვის ჩაწერა თავად ბასარიას ინიციატივა იყო თუ ვინმეს მიერ მითითება.
მანამდე, მან სააგენტო „საპასთან“ საუბარში თქვა, რომ მისი სიტყვები ქართული და უკრაინული მედიის მიერ დამახინჯებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო „რუსეთ-აფხაზური ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით“. მისი თქმით, კრიტიკა მიმართული იყო ერთ-ერთი მსხვილი რუსული ტურისტული სააგენტოს მიმართ, რომელიც აფხაზეთში მუშაობს და ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენს ტურიზმისთვის არახელსაყრელი ფასების შეთავაზებით.
7 ივლისს ბასარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იუმორისტული კოლაჟი „დოშიკარული ნაციონალიზმის თავმჯდომარე“ (დოშირაკი სწრაფად მოსამზადებელი წვნიანის ბრენდია) და დაამატა.
„აფხაზეთის ანონიმური Telegram არხები მომადგნენ. რა გითხრათ? ჩემთვის ეს ყველაფერი რეკლამაა. ანტირეკლამაც რეკლამაა. ამიტომ, ამ ყველაფერს იუმორით და სარგებლით ვუყურებ“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ბასარიას განცხადებებს გაემიჯნა და ხაზი გაუსვა, რომ მისი ფონდი კერძო სტრუქტურაა და სახელმწიფო ორგანოებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ, ე.წ. კულტურის სამინისტრომ განაცხადა.
„ტურიზმის სამინისტრომ“ ბასარიას განცხადებებს „პროვოკაციული“ უწოდა. მათ ხაზი გაუსვეს რუსეთიდან ჩასული სტუმრების მნიშვნელობას და გაიხსენეს, რომ სწორედ რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა დაიწყეს საზღვარგარეთ აფხაზეთის პოპულარიზაცია.
ბოდიშის მოხდის მიუხედავად, ბასარიას გამონათქვამის კომენტირებას აგრძელებენ რუსეთის სახელმწიფო დუმაში. დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრის, როზა ჩემერისის თქმით, „ალექსანდრ ბასარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში მუშაობდა“ და დღეს „ფიქტიურ ორგანიზაციას მართავს“.
“სახელმწიფო მტრის გარდა ვერაფერს უწოდებ. და მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ეს ფაქტი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად საჯაროდ უნდა აღნიშნოს”, – თქვა მან.
რუსულმა მედიამ კი დაწერა, რომ გასულ წელს ბასარიამ „სასამართლოს მეშვეობით თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და სააღსრულებო წარმოების მონაცემთა ბაზის მიხედვით, მისი ვალი 430 ათას რუბლზე მეტს შეადგენს“.
ფორუმი
