ლიბიის სანაპიროსთან აფეთქება მოხდ ტანკერ Vilamoura-ზე, რომელსაც მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ 30 ივნისს დაწერა გამოცემა Bloomberg-მა. აპრილსა და მაისში ტანკერი რუსეთის პორტებში იმყოფებოდა. აფეთქების დროს გემი ლიბიიდან გიბრალტარისკენ მიემართებოდა.
Vilamoura-ს მფლობელი ბერძნული კომპანია TMS Tankers-ია. მისი წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ტანკერში წყალი შევიდა და სამანქანო განყოფილება დატბორა. კომპანიის თანახმად, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და არც ნავთობის გაჟონვა მომხდარა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ტანკერი ბუქსირით საბერძნეთში გადაჰყავთ.
ნაოსნობის მონიტორინგის არხების ცნობით, აპრილში Vilamoura იმყოფებოდა რუსეთის ლენინგრადის ოლქის პორტ უსტ-ლუგაში, სადაც ყაზახური ნავთობით დაიტვირთა, ხოლო მაისში – კასპიის მილსადენების კონსორციუმის ტერმინალში, რომელიც რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან მდებარეობს.
საზღვაო რისკების შემფასებელი კომპანიის, Vanguard Tech-ის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან დაფიქსირებულია სულ მცირე ოთხი მსგავსი ინციდენტი გემებზე, რომლებიც აფეთქებებამდე რუსეთის პორტებში იმყოფებოდნენ. თებერვალში ლიბიის სანაპიროსთან აფეთქება მოხდა ტანკერზე Grace Ferrum, რომელიც კვიპროსულ კომპანიას ეკუთვნის, იანვარში თურქეთის სანაპიროსთან ტანკერ Seacharm-ზე და იტალიის სანაპიროსთან გემ Seajewel-ზე. ეს ორი ტანკერი ბერძნული კომპანია Thenamaris-ის მფლობელობაშია.
2025 წლის თებერვალში აფეთქება მოხდა მაზუთით დატვირთულ ტანკერ Koala-ზეც, რომელიც რუსეთის უსტ-ლუგის პორტში იმყოფებოდა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, კვიპროსის კომპანიის კუთვნილი ეს ტანკერი ჩართულია სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის გადატანაში.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის სანქციები მოქმედებს.
ფორუმი
