აფაზეთში ზღვის ფრინველებისა და დელფინების მასობრივი დაცემა გრძელდება

მეორე თვეა, აფხაზეთში შეშფოთებულები არიან ზღვის გარეული იხვის – „ჩომგას“ მასობრივი დაცემით. ადგილობრივთა აღქმით, ვითარება ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბებს იძენს. სოცქსელების აფხაზური სეგმენტი გადავსებულია მკვდარი ფრინველების ფოტოებით, თავად დაცემულ იხვებს კი უკვე ასეულობით ითვლიან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი მეორე თვეა, გრძელდება, მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ჯეროვან განმარტებებს აფხაზეთში ვერც ეკოლოგები იძლევიან, ვერც ბიოლოგები, ვერც ზოოლოგები. დე-ფაქტო ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებს, რომ ექსტრაორდინალური არაფერი ხდება. ექსპერტებისა და მმართველი გუნდის მსგავსი პოზიციები კი დიდ სივრცეს ტოვებს სხვადასხვა ვერსიებისა და ჭორებისთვის.

ერთ-ერთი პირველი ვერსია მეზღვაურების მიერ წყლის ამიაკით დაბინძურებაში მდგომარეობდა. მის მხარდამჭერებს არგუმენტად ამასწინათ ბიჭვინთის აკვატორიაში ერთ-ერთ თევზმჭერ სეინერზე სამი თურქი მეზღვაურის ამიაკით მოწამლვის ფაქტი მოჰყავთ. ტრაგიკულმა შემთხვევამ აფხაზეთში თევზჭერის დარგში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ მიაპყრო საზოგადების ყურადღება. დე-ფაქტო ხელისუფლებას სფეროში წესრიგის დამყარება და თევზმჭერი სეინერების შემოწმება მოსთხოვეს. ადგილობრივები იმაზე მიუთითებენ, რომ თევზჭერის დარგი მთლიანად კორუფციაშია ჩაფლული და სეინერები მნიშვნელოვნად აჭარბებენ ხამსის ჭერის დადგენილ კვოტებს. ბევრმა იეჭვა, რომ ხსენებული ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაწყებული შემოწმებების გამო სხვადასხვა სეინერებზე მყოფმა მეზღვაურებმა წყალში საშიში ქიმიკატები და ნარჩენები ჩაღვარეს, რამაც ხამსის მასობრივი მოწამლვა გამოიწვია, შედეგად კი – ზღვის ფრინველებისაც, რომლებიც თევზით იკვებებიან.

კიდევ ერთი ვერსია ფრინველების რაღაც ახალი ვირუსით შესაძლო ინფიცირებას ეხება. მაგრამ სოხუმში მისი გადამოწმება ვერ მოხერხდება: რუს ორნიტოლოგ ალექსანდრე დვორეცკის განმარტებით, ლაბორატორია, რომელიც ფრინველების კვდომის ზუსტ მიზეზებს დაადგენდა, არც აფხაზეთში აქვთ, არც სოჭში. მიზეზების გარკვევის რეალური სურვილი რომ გააჩნდეთ, სოხუმს შეეძლო, დახმარეისთვის მიემართა თბილისისთვის, სადაც რეგიონის მასშტაბით საუკეთესო, მაღალი დონის თანამედროვე ლაბორატორია ფუნქციონირებს. თუმცა პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ლუგარის ცნობილი ლაბორატორიის მომსახურებით სარგებლობის უფლებას საკუთარ თავს ვერც აფხაზები მისცემენ, ვერც რუსები.

არადა, ამასობაში ვითარება მძიმდება. ბოლო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ზღვის გარეული იხვის კვალდაკვალ თოლიებისა და დელფინების მასობრივი სიკვდილიანობაც დაფიქსირდა. ამასთან, გაფართოვდა ეკოკატასტროფის არეალიც: ახლა ფრინველები და დელფინები მეზობელ კრასნოდარის მხარეშიც იხოცებიან. რუსული რეგიონის მაცხოვრებლები სანაპიროზე გადაღებულ შესაბამის ფოტოებსა და ვიდეოებს სოცქსელებში აქვეყნებენ. რუსული მედია კი იუწყება, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოჭის, ანაპის, ტუაფსეს რაიონის, გელენჯიკისა და ნოვოროსიისკის აკვატორიებში 600-მდე დაღუპული იხვი აღმოაჩინეს.

ს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს სიცივით, დასუსტებულობითა და შტორმით – ანუ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული და განგაშის საფუძველი არ არსებობს.

იგივეს ამტკიცებენ სოხუმშიც. ეკოლოგიის ადგილობრივი ინსტიტუტის დირექტორ რომან დბარის განცხადებით, ზამთრის პერიოდი ყველაზე მძიმეა ცხოველებისათვის და მათგან პირველ რიგში ხნიერები, დასუსტებულები ან დასნებოვნებულები იხოცებიან. მისივე შეფასებით, ფრინველების დაცემა, რომელიც მეორე თვეა, გრძელდება, ჩვეული მოვლენაა, იმის მიუხედავადაც კი, რომ დაღუპულთა რაოდენობამ უკვე რამდენიმე ასეულს გადააჭარბა და ბოლო დროს იხვებს დელფინებიც შეემატნენ.

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ რუსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში მკვდარი ფრინველებისა და დელფინების გვამები ჯეროვნად არ გააქვთ, ისინი სანაპიროზევე იხრწნებიან და ჯერ კიდევ ჯანსაღი სხვა ცხოველების საკვებად იქცევიან.

თუ მასობრივი დაცემის მიზეზი არა ბუნებრივია, არამედ რაიმე დაავადება, ამან შეიძლება, არაპროგნოზირებადი და უმძიმესი შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის – ადამიანებისთვისაც. ამდენად, ს ბევრი მცხოვრები პრობლემისადმი დე-ფაქტო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მეცნიერების ზედაპირულ მიდგომას არ იზიარებს.

კოლუმნისტი ალექსეი ლომია ირწმუნება, რომ ზღვის ფრინველების ესოდენ მასშტაბური დაცემა აქამდე არასოდეს უნახავს. „ამ ადამიანების განათლებისა და სამეცნიერო ხარისხებისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მათი კომენტარები სულაც არ მაკმაყოფილებს. მით უფრო, როცა გვამშვიდებენ იმით, რომ მსგავსი რამ საკმაოდ ხშირად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება. აი, ამ კუთხით შემიძლია, ვედავო. მთელი ცხოვრება ზღვის სანაპიროზე მაქვს გატარებული, მკვდარი ფრინველებიც მინახავს, მაგრამ ამ რაოდენობით – არასოდეს“ – წერს აფხაზი ბლოგერი.

წყარო