“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე არ დავაყენოთ დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი”- 50 დღე გავიდა ამ განცხადებიდან.
28 ნოემბერს გავედით საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად, საშინლად გაბრაზებულებს ბედნიერებას გვგვრიდა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების შექმნილ პეტიციაზე დამატებული თითოეული ხელმოწერა, დაგვარბიეს უმიზეზოდ- ცოტა გაგვიკვირდა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ ცხოვრების ამ ეტაპის ჩვეულ მოვლენად იქცეოდა გაზი, წიწაკა და ჭავლი;
29-ში გაზნაყლაპები და გურამ როგავას ცემით გამწარებულები გავედით საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად;
30-ში თვალებიდან არ ამოგვდიოდა დაგდებული ხუჭუჭა ბიჭისთვის ჩარტყმული წიხლები და გავედით საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად;
1-ელ დეკემბერს ერთმანეთს ვეკითხებოდით დაკავებულების რაოდენობას და თან ვაყოლებდით “თუ მხოლოდ დააკავეს და არ უცემიათ, არაუშავს”;
2-ში გავცხარდით, როცა უმოწყალო ცემის კადრების პარალელურად, მოვისმინეთ განცხადება “საქართველოსთვის, 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის უცხო მოვლენა”- ამ დროს მე, დედაჩემი და ჩემი მეგობრები ვცდილობდით გაზს გავრიდებოდით რუსთაველიდან- საჯარო ბიბლიოთეკასთანაც გვესროლეს გაზის კაფსულა;
3-ში ვერ მივხვდით, რა საჭირო იყო შვილის ბაღთან დედის დაკავება, და ისევ გაბრაზებულები გავედით ქუჩაში, პარლამენტის მხრიდან წყლის ჭავლის მანქანა მოგვსდევდა, რესპუბლიკის მოედანზე სპეც. რაზმი გვეგებებოდა;
4-ში გასულები უკვე ვეღარ ვითვლიდით დაკავებულების, ნაცემი ქალების და შშმ პირების რაოდენობას; მახსოვს, რომ ოპერასთან ვიდექით, ბიჭები მორიგეობით გადიოდნენ გაზის გასანეიტრალებლად, ჩვენ სადეზინფექციო ხსნარით შეიარაღებულები ვითვლიდით, ხომ ყველა უვნებლად დაგვიბრუნდა წინა ხაზიდან. მაგ დღეს უკვე ვიცოდით, თუ ბოლი რუსთაველის თეატრის თაღს არ გამოცდებოდა, ესეიგი ბევრი კაფსულა ჩააგდეს წყალში;
5-ში მეგობარმა მომწერა, ანდრო დააკავესო- მაგ დღის ემოციებიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ერთ რამეს ვნატრობდი: ანდრო არ ყოფილიყო ნაცემი; შემდეგ მახსოვს ლიკა, ანდროს დედა, შესაშური სიძლიერით და შეუპოვრობით;
6-ში გავედი და თან იმ უსუსურ მონოლოგ- ვიდეოზე ვფიქრობდი, ვითომ ანდროს კრიმინალობა რომ უნდა დაემტკიცებინათ. მაგ დღეს, გზად დედაჩემი მიყვებოდა ისტორიას ან მის კოლეგაზე, რომელიც სამ სხვადასხვა “მარშუტკაში” სცემეს, ან მის ყოფილ სტუდენტზე, რომელიც თავისი დის ძებნისას, მოტყუებით სკამებამოცლილ “მარშუტკაში” აღმოჩნდა;
7-ში ანდროს სასამართლოზე ვიყავი, სახლში მოსული ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ ერთ საღამოს “გავაცდენდი”. ტვ პირველის პირდაპირ ეთერში აჩვენეს მაკა ჩიხლაძის კისრის მოტეხვის მცდელობა და გიორგი შეწირულის თავზე “ტყუპი წიხლი”, ყელში ბურთი გამეჩხირა. ამ დროს მარიამის მესიჯი მომივიდა, მახარა ცემესო, მერე არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდი გარეთ;
8-ში გასულებს ყურში დედის კივილი ჩაგვესმოდა “ხელი გაუშვით, ჩემი შვილია”;
9-ში გავიგეთ, რომ ადამიანი სცემეს იმის გამო, რომ პოლიციელს უთხრა “ეს ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია- ჩვენიც და თქვენიც”.
50-ე დღეა ხან 300 ვართ, ხან 800, ხან 48 პროფესიის 1500 ადამიანი, ხან ტანსაცმელგამოცვლილი ერთი და იგივე ადამიანი, ვაწყობთ მარშებს, ვდგებით ჯაჭვში, ვიფიცებით, ვხორუმობთ, ახალი წლის ღამეს ისეთ რამეს ვაკეთებთ, მთელს მსოფლიოს რომ ვაოცებთ და რუსთაველიდან რამდენიმე საათის წამოსულები, ისევ იქ ვბრუნდებით ბედობის შესახვედრად- აქციების არა, ერთიანობის დასაბედებლად. დავდივართ სასამართლოებზე და მოსამართლეების კორპორატიულზეც.
ამასობაში პრეზიდენტი აირჩიეს, კანონები შეცვალეს, ელჩები გადადგნენ, საჯარო მოხელეებს უკანონოდ ათავისუფლებენ, რეპრესიებს აწყობენ ხან თბილისში, ხან ზუგდიდში, ხან ბათუმში, საახალწლო სოფელიც დახურეს ისე, რომ პრინციპში არც გაუხსნიათ, ინაუგურაცია გამართეს ვიწრო წრეში, პრეზიდენტს წინა პრეზიდენტის ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, დასანქცირდნენ, კიდევ უფრო მეტად დასანქცირდნენ, სხვა რომ აღარვინ ელაპარაკება, ერთმანეთს აჯილდოვებენ ღირსების ორდენებით. ყოფილი პრემიერი სცემეს და განა მხოლოდ სცემეს, ეს იარაღგარჭობილმა “დეპუტატმა” გააკეთა და არა მხოლოდ გააკეთა, არამედ გამიზნულად გვაჩვენეს ძირს დაგდებული ყოფილი შს მინისტრი და პასუხად, 20 ივნისს დაზარალებულების სოლიდარობა მიიღეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ არასაზოგადოებრივად აქციეს და პასუხად ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიიღეს. მსახიობები დაიჭირეს და პასუხად, მსახიობების მთავარ სცენად ქუჩა მიიღეს.
თვლა ამერია, კიდევ 3 თარიღი მახსოვს:
18 დეკემბერი- თამაზ გინტურის ძმა შეგვხვდა აქციაზე;
11 იანვარი- მზია ამაღლობელი დააკავეს;
14 იანვარი- გიორგი ახობაძის დედა გარდაიცვალა.
აუცილებლად გავიმარჯვებთ, კიდევ რამდენი 50 დღეც არ უნდა დაგვჭირდეს
ოლიგარქიას!” – წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ავალიანი.