აუცილებელია უმოკლეს ვადაში დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აქციების მონაწილეთა ჩართულობით – თუ ასეთი დიალოგის ორგანიზება არ მოხერხდა, ქვეყნის პერსპექტივა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს – ვაჟა ბერიძე
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“პოლიტოლოგ, ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.
– ბატონო ვაჟა, რადგან დიდი ხანია არ გვისაუბრია, ოქტომბრის ბოლოდან, ანუ არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე მსჯელობით უნდა დავიწყოთ.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები რომ ოპოზიციისთვის შოკისმომგვრელი იყო, ვნახეთ. ამ თემაზე ვნებათაღელვა თითქმის ჩამცხრალი იყო, უფრო სწორად დიდი საპროტესტო ტალღის აგორების ნიშანწყალიც არ ჩანდა, პრემიერმა ირაკლი კობახიძემგანაცხადა – „საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირის წინაშე არ დააყენებდა დღის წესრიგში ქვეყნის ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყების საკითხს“.
არადა, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება სწორედ „მხოლოდ მშვიდობით და კეთილდღეობით ევროკავშირისკენ“ სვლა იყო. საპროტესტო ტალღის დაწყების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისიც იყო, მმართველმა გუნდმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.
ამის შემდეგ რუსთაველის პროსპექტი პროტესტანტების აქციების ადგილად იქცა. 65 დღეზე მეტია პროტესტი არ ცხრება. თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო პროცესები რუსთაველზე, უფრო სწორად, ძალოვნების ბრძოლა პროტესტანტებთან პრაქტიკულად „ლაივში“ ნახა მთელმა ქვეყანამ.
ამ ბრძოლის შედეგი ასეთია – 500-მდე პროტესტანტი იქნა დაკავებული, 140-80 მოქალაქე ისე დაუნდობლად იყო ნაცემი, რომ მომხდარი პოლიციის ხელწერას აშკარად არ ჰგავდა. 53 ნაცემ-ნაბეგვი პროტესტანტი ახლაც დაკავებულია, რომელთა გამოშვებას და ასევე ხელახალი არჩევნების ჩატარებას საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი და ოპოზიცია ითხოვდა.
ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ, მოდით, საუბარი ჩვენი უახლოესი ისტორიის ამ მონაკვეთზე საუბრით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს?
– გარკვეულ ძალებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღება სურთ. დაპირისპირების პროვოცირების შედეგს ისინი არ დასჯერდებიან. და ეს უნდა იყოს ქართული პოლიტიკის ავანსცენის ყველა აქტორის პოზიციის განმსაზღვრელი, თუ მათ პასუხისმგებლობის საკმარისი ხარისხი გააჩნიათ და ბოლომდე უნდათ, ემსახურონ საზოგადოებას.
აქვე დავაზუსტებ – ამ ძალებში არ ვგულისხმობ ე.წ. გლობალური ომის პარტიას, – ასეთის არსებობა საეჭვოდ მიმაჩნია, არც ამერიკის „დიფ სტეიტს“, არც „ქართულ დიფ სტეიტს“, რომელიც, სხვათა შორის, ასევე არსებობს და რაც, კაცმა რომ თქვას, დამახასიათებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნებისთვის.
აქვე შევნიშნავ, რომ „ქართული დიფსტეიტის“ ნაწილი 2000-იანების დასაწყისში იყვნენ ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი, რომლის დაფუძნებული პარტიაც მართავს დღეს საქართველოს და სოლიდარულია ტრამპის ბრძოლისა ამერიკული „დიფსტეიტის“ წინააღმდეგ.
გარკვეულ ძალებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღება სურთ. დაპირისპირების პროვოცირების შედეგს ისინი არ დასჯერდებიან
ამ მრავალპლანიანი თემისა და „ქართული დიფ სტეიტის“ შესახებ, თუ მიზანშეწონილად ჩათვლით, სხვა დროს ვისაუბროთ.
აქ იმიტომ მოვუხმე ამ პასაჟს, რომ ვითვალისწინებ თქვენს თხოვნას – პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს. იმედია, მომიტევებთ ამ შესავლისთვის, რადგან ზემოხსენებული ასპექტის გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელია იმ მნიშვნელოვან კონკრეტიკაზე მსჯელობა, რაზეც დასმულ შეკითხვებშია საუბარი.
დიახ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს მნიშვნელოვანი საფრთხე, თორემ ჰიპოთეზური და ჩემთვის არასაკმარისად დასაბუთებული რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის ნაცვლად, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ არანაკლებ მძიმე და დამანგრეველი სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე.
ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩევანი უცვლელია – ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს და ევროატლანტიკური კურსის ერთგულები ვართ. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ნატოს წევრობა, განვითარების ამ ეტაპზე, არარეალურია.
ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩევანი უცვლელია – ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს და ევროატლანტიკური კურსის ერთგულები ვართ. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ნატოს წევრობა, განვითარების ამ ეტაპზე, არარეალურია
ვიდრე რუსეთი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი ფაქტორი, ან გნებავთ მისი დანგრევის მოსურნე, თანაც აგრესორი, ჩვენ ნატოში არავინ მიგვიღებს.
მაგრამ საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიული არჩევანი ავტობუსის გაჩერება არ არის, – დადგე რუსთაველზე და წახვიდე ვარკეთილში და შუა გზაზე ჩამოხვიდე ავტობუსიდან და ფეხით გაუყვე გზას ახლა უკვე გლდანისკენ…
რა თქმა უნდა, პრემიერ კობახიძის განცხადება 2028-მდე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე, იყო მცდარი, მაგრამ შეგნებულად დაშვებული შეცდომა. გაზაფხულზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული არჩევანი – გაემწვავებინა და დაეძაბა პოლიტიკური პროცესი და წლის ბოლომდე დაექანცა ოპონენტები, ამას გულისხმობდა კიდეც, თუმცა მან ვერ გაითვალისწინა, რომ პოლიტიკური მიზნის მიღწევისას ქართველები მარათონელები ვართ, – ორი ზესახელმწიფოს – აშშ-ს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 5 წელი ქართველები ქუჩაში იდგნენ. არც დღევანდელი ოპონენტები დაიღლებიან.
ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სტრატეგიული არჩევანი უცვლელია – ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს და ევროატლანტიკური კურსის ერთგულები ვართ. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა, რომ ნატოს წევრობა, განვითარების ამ ეტაპზე, არარეალურია
შესაბამისად, აქვე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე და ანალიტიკოსი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, პროტესტანტების ჩართულობით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფორმალური ჩარჩოს მიუხედავად, ეს საპროტესტო ტალღა ოპოზიციური ფლანგის მისწრაფებების გამომხატველია.
ამიტომ მოვუწოდებდი, მე როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი, ოპოზიციის მხარეს პარლამენტში შესვლისკენ და საპროტესტო მოძრაობის უკეთესი კოორდინაციისკენ ვადამდელი, ახალი არჩევნების დასანიშნად, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, მომავალი წლის გაზაფხულზე.
მათ რევოლუციის გზა აირჩიეს და ვფიქრობ, ეს იყო არასწორი არჩევანი, თორემ იმის თაობაზე, რომ სამი ვადით ქვეყნის მართვის შემდეგ, ივანიშვილი და „ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, ორი აზრი, ობიექტური განსჯისას, არ შეიძლება არსებობდეს.
ტრადიციული, დღემდე დამკვიდრებული, დემოკრატიული პროცესის შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ვერ შეიცვლება, იმდენად დიდია მისი პოლიტიკური და ფინანსური რესურსი სხვა ძალებთან მიმართებაში.
არადა, ხელისუფლებათა ცვალებადობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აუცილებელია. ჩვენ არც აზერბაიჯანი ვართ, უმდიდრესი წიაღისეულით და მსხვილი სავალუტო რეზერვით და არც სომხეთი, ფინანსურად და გავლენით უძლიერესი ლობით დასავლეთში და არა მარტო იქ, რომ ათწლეულების განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალის მმართველობა დავუშვათ, რაგინდარა კარგი საქმეების საკეთებლად იყოს იგი მოწოდებული.
პრეზიდენტად „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის მიხეილ ყაველაშვილის დასახელება ივანიშვილის პოლიტიკური ხედვის ტრანსფორმაციის ლოგიკური შედეგი იყო. მან დაიწყო : “რესპუბლიკელებთან“ ალიანსით, ევრო-სოციალისტებთან თანამშრომლობით და ამთავრებს, ანუ აგრძელებს მემარჯვენეებისკენ გადახრით, შეიძლება ითქვას, ულტრა-მემარჯვენე ხედვების წამოწევით წინა პლანზე.
სხვათა შორის, მისი ასეთი ტრანსფორმაცია მოსალოდნელიც იყო. მან, საკმაოდ ოსტატურად, ჩაანაცვლა „ალტ-ინფო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ „ხალხის ძალით“ და „ნეიტრალური საქართველოთი“, რითაც არჩევნების წინ ელექტორალური ბაზა გაიფართოვა.
პრეზიდენტად „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის მიხეილ ყაველაშვილის დასახელება ივანიშვილის პოლიტიკური ხედვის ტრანსფორმაციის ლოგიკური შედეგი იყო. მან დაიწყო : “რესპუბლიკელებთან“ ალიანსით, ევრო-სოციალისტებთან თანამშრომლობით და ამთავრებს, ანუ აგრძელებს მემარჯვენეებისკენ გადახრით, შეიძლება ითქვას, ულტრა-მემარჯვენე ხედვების წამოწევით წინა პლანზე
მან და მისმა მრჩევლებმა დროულად აუღეს ალღო ევროპაში მემარჯვენეების გააქტიურებას (იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, გერმანიაში – „ალტერნატივა გერმანიისთვის“).
ახლა ქართულმა საზოგადოებამ ევროპული არჩევანი უნდა დაიცვას და გადაარჩინოს, თუმცა არ მგონია, ამისკენ მიმავალი გზა ხელისუფლების რევოლუციური მეთოდებით დამხობაზე გადიოდეს.
თან მინდა ვურჩიო ოპოზიციურ ფლანგს, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სლოვაკეთიდან გადმოიღონ არა სამთავრობო დაწესებულებებთან და ქუჩებში ფერმერების მიერ მეცხოველეობის ნარჩენი ბიომასის დაყრის პრაქტიკა, არამედ სიმართლის წინა პლანზე წამოწევა და გულწრფელობა საზოგადოების იმ ნაწილთან მიმართებაში, რომელსაც აგრესიულად საყვედურობენ, რომ აქტიური არ არის.
ახლა ქართულმა საზოგადოებამ ევროპული არჩევანი უნდა დაიცვას და გადაარჩინოს, თუმცა არ მგონია, ამისკენ მიმავალი გზა ხელისუფლების რევოლუციური მეთოდებით დამხობაზე გადიოდეს
როცა ვამბობთ, რომ ძალოვნები ებრძოდნენ პროტესტანტებს, იქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აქციების საწყის ეტაპზე პროტესტანტების ქმედებები გადადიოდა დასაშვების ზღვარს. თუ ჩვენ დავუშვებთ რომელიმე მხარის უკანონო ქმედებებზე თვალის დახუჭვას, დემონსტრანტი იქნება ის, თუ სამართალდამცავი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უპირობოდ ხელისუფლების დამხობის კურსს, რამაც არსად მოიტანა სიკეთე და არც მოიტანს.
– თუ „ქართული ოცნების“ მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება რჩება, როცა ევროკავშირი გეუბნება – საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის კარი ღიაა, რაში დასჭირდა პრემიერს დიდი უკმაყოფილების გამომწვევი განცხადების გაკეთება?
– პრემიერის 28 ოქტომბრის განცხადება, რა თქმა უნდა, იყო შეცდომა, თან შეცდომა არა მარტო პირადად მისი, არამედ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ გუნდის. მე ასე ვფიქრობ და ამ განცხადების გამოქვეყნებისთანავე სოციალური ქსელით მივმართე პრემიერს, მოეხდინა მისი დეზავუირება, იმდენად ცხადი იყო ამ განცხადების უარყოფითი შედეგების მასშტაბები არა მარტო „ოცნებისთვის“, არამედ მთელი ქვეყნისთვის.
პრემიერის 28 ოქტომბრის განცხადება, რა თქმა უნდა, იყო შეცდომა, თან შეცდომა არა მარტო პირადად მისი, არამედ ბიძინა იმნაიშვილის და „ოცნების“ გუნდის
რა თქმა უნდა, ჩემს მოწოდებას ყურადღება არავინ მიაქცია, რამეთუ იგი ერთი მოქალაქის და ანალიტიკოსის განცხადება იყო ოდენ, თან ისეთ ვითარებაში, როცა „შუა გაკრეფილია“, პოლარიზაცია უმაღლეს დონეზეა და ობიექტური ანალიზი თუ დასკვნები გამქრალია ჩვენი მედია-სივრციდან.
აი ასეთია დღეს ქართული რეალობა. – 35 წელია ყველა ხელისუფლება ავტორიტეტებს ებრძვის, რათა ხელისუფლების და მის მიერ მარგინალებად გამოცხადებული ოპოზიციის გარდა არ ისმოდეს სხვა რეალისტური და გონივრული ხმა.
არც დიდი აკაკი ახსოვს არავის, რომელმაც გვითხრა – „შუა კაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ არც ცისაო“… და არც ქართულ ეზოთერიკას სცემს პატივს ვინმე, რომელიც სწორად და მართებულად ყოველთვის „ოქროს შუალედს“ მიიჩნევს და არა პოზიციას უკიდურესად მარცხნივ ან უკიდურესად მარჯვნივ.
– მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა, ჩამოთვლას აღარ შეუდგები, გავიხსენებ მხოლოდ მთავარს – ევროპის არც ერთ წამყვან ქვეყანას 26 ოქტომბრის შედეგები არ უღიარებია, აშშ-მ იმ მოტივით, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლო პოლიტიკას ატარებს სანქციები დაუწესა მას და იმ ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, რომლებიც ქვეყანაში პასუხისმგებელნი არიან საზოგადოებრივ წესრიგზე.
გარდა ამისა, აშშ-ს კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი „საქართველოს ხელისუფლების არაღიარების შესახებ“, ასევე კანონპროექტი „მეგობარი“. პარალელურად ქართველს დიპლომატებსა და ქვეყნის უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს შეეზღუდათ ევროპის ქვეყნებში დიპ პასპორტებით სარგებლობის უფლება.
აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე ვაშინგტონში ლამის მთელი ქართული ოპოზიცია იმყოფებოდა, მათ შორის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ტრამპის ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მიიწვია.
თუ ამ ჩამონათვალს იმასაც დავუმატებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო კომისიამ, რომლის სხდომა რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თავისივე პრაქტიკა დაარღვია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უფლებამოსილება ევროპის საბჭოში აპრილის სხდომამდე აღიარა, მაგრამ, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მას აპრილამდე „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებას დაკავებული პროტესტანტების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარების დანიშვნა მოითხოვა.
ფაქტი ისაა, რომ საგარეო ურთიერთობებში ქვეყანას ასეთი ჩავარდნა არასდროს ჰქონია. ისინი, ვინც ქვეყანას წარმოადგენენ, მათ წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, ან მათ იმდენად გართულებული აქვთ ურთიერთობები ევროსტრუქტურებთან, აშშ-თან, რომ ამის წარმოდგენა ცოტა ხსნის წინაც კი წარმოუდგენელი იყო.
კი ვეცადე, მაგრამ, ვატყობ, ამ თემებზე არასასიამოვნო ფაქტების ჩამონათვალი სრული არაა. ბევრი ამტკიცებს, რომ ის სურათი რაც საგარეო პოლიტიკაში გვაქვს შემთხვევითი არაა და შედეგია ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ გააზრებული ანტიდასავლური და ანტიამერიკული პოლიტიკის.
თქვენ როგორ შეაფასებდით თუნდაც ამ ჩამონათვალს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის?
სავარაუდოდ, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ევროპული სივრციდან და ამერიკისგან დისტანცირება ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო?
– ვრცელი და საინტერესო კითხვაა. სავალალო სურათი დახატეთ. სავალალო და ადეკვატური. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია და შტატებს და ევროკავშირს უამრავი ბერკეტი აქვს საქართველოზე და მის მთავრობაზე ზემოქმედებისთვის. ისინი ამას ჯერ-ჯერობით, ფრთხილად და მოზომილად აკეთებენ, თან ცდილობენ, სანქცირების თუ ზეწოლის პროცესში არ დაზარალდეს ქართველი ხალხი, რომლის კეთილგანწყობას დასავლეთში, ფაქტია, აფასებენ.
ჩვენი კულტურაც და ცივილიზაციაც ღირებულია მათთვის და ჩვენი ქვეყნის გეო-სტრატეგიული მდებარეობაც. ეს „დერეფანი“ ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. თან დასავლეთიც არ არის ერთგვაროვანი და მონოლითური.
ყურადღება მიაქციეთ – სახელმწიფო მდივანი რუბიო ფაქტობრივად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონობის არარეალურობაზე, ფაქტობრივად მცდარობაზე და „ცივი ომის“ დასრულების შედეგად დამდგარ არასახარბიელო რეალობაზე. არადა, დასავლეთმა იზეიმა „ცივ ომში“ გამარჯვება, საბჭოთა კავშირის დაცემა, მისი დაშლა და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ საფუძვლად, ფაქტობრივად გამოაცხადა ამერიკის ჰეგემონობა მსოფლიო პოლიტიკაში. ამას სხვა ვინმე კია რა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს.
პრეზიდენტი კი შეერთებულ შტატებს რევოლუციონერი ჰყავს, – ყოველდღე ხელს აწერს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტებს, რომელიც არსებითად ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს არა მარტო შეერთებულ შტატებში, – მთელ მსოფლიოში. არავინ იცის როგორ დამთავრდება ეს პროცესი, რა შედეგს მოუტანს ქვეყნიერებას „ეს განწირულის სულისკვეთება“… შესაბამისად, ყველაფერი შეიცვლება, თუ ტრამპმა დასახულ ნიშნულს მიაღწია, თუ იპოვნაგზა „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ – ამ მიზნის ხორცშესასხმელად.
ეს არ არის პატივმოყვარე მილიარდერის ახირება. ამერიკის დეინდუსტრიალიზაციამ და „დოლარის საჭრელი მანქანის“ ფლობამ, ერთ დროს უმძლავრესი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის არსებობამ, რომელიც ბოლო წლებში ჰიპერ-შემოსავლებს იღებდა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ უშველა ქვეყანას და იგი ჩიხში შეიყვანა. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინება გვმართებს, როდესაც საქართველოს მომავალზე ვმსჯელობთ.
ველოდით 20 იანვარს. ტრამპის ინაუგურაციას. როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ჩვენთვის კონკრეტული შეტყობინებები ჯერ არ აქვს. მას უამრავი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი თავსატეხი აქვს. არც უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდეთ მკაფიო სიგნალებს. ძველი ინიციატივები ახალ ინერციას შეიძენს და ჩვენთვის არასასიამოვნო დოკუმენტებადაც კი შეიძლება იქცეს.
„შუა გაკრეფილია“, პოლარიზაცია უმაღლეს დონეზეა და ობიექტური ანალიზი თუ დასკვნები გამქრალია ჩვენი მედია-სივრციდან
ამიტომ, ჩვენ არ უნდა გავშეშდეთ ამ გზავნილების მოლოდინში, როგორც ველოდით პოლიტბიუროს გადაწყვეტილებებს საბჭოთა პერიოდში, ან ყაენის, შაჰისა და ხონთქრის ემისრებს.
ჩვენს თავს უნდა მივხედოთ, სამოქალაქო ომის პროვოცირების საშუალება არავის მივცეთ და თანმიმდევრული, ევროპული გეზი შევინარჩუნოთ. თორემ, პოზიცია ამერიკიდან იქნება, ადრე თუ გვიან, და ეს პოზიცია იქნება, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევი.
ამიტომაა აუცილებელი უმოკლეს ვადაში დიალოგის დაწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რა თქმა უნდა, აქციების მონაწილეთა ჩართულობით. თუ ასეთი დიალოგის ორგანიზება არ მოხერხდა, ქვეყნის პერსპექტივა შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.
რაც შეეხება თქვენი კითხვის დასკვნით ნაწილს – არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირთან და შტატებთან დაპირისპირება ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო. ჩვენ წინა ინტერვიუებში ხაზი გავუსვით, რომ ივანიშვილის მიერ თავისი აუარების განთავსება დასავლურ ბანკებში და ოფშორებში, რომელსაც დასავლეთი აკონტროლებს, იმის სიგნალი იყო ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ივანიშვილი მათ ენდობა.
ბუნებრივია, „ოცნების“ დამფუძნებელი მათგან საპასუხო კეთილგანწყობასაც მოელოდა. ასე არ მოხდა და როგორც თავად ივანიშვილი ამბობს, საკუთარ აქტივებზე წვდომისას, 2008 წლიდან მოყოლებული, ექმნებოდა პრობლემები, ანუ იმ დროიდან, როცა მან შეწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლების დაფინანსება, მასთან თანამშრომლობა და მალე ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინა.
როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ჩვენთვის კონკრეტული შეტყობინებები ჯერ არ აქვს. მას უამრავი უფრო დიდი და მნიშვნელოვანი თავსატეხი აქვს. არც უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდეთ მკაფიო სიგნალებს. ძველი ინიციატივები ახალ ინერციას შეიძენს და ჩვენთვის არასასიამოვნო დოკუმენტებადაც კი შეიძლება იქცეს
როგორი უნდა ყოფილიყო მისი რეაქცია? – ის ფორმალურად წავიდა პოლიტიკიდან, რამაც, ბუნებრივია, დასავლეთი ვერ დაარწმუნა იმაში, რომ ის აღარ ერეოდა ქვეყნის მართვაში. ამას მოჰყვა ცნობილი ისტორიები შვეიცარიულ საფინანსო ინსტიტუტებთან მიმართებაში, რამაც ასევე ბუნებრივია, მისი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს საზიანოა ქვეყნისთვის.
ამდაგვარ ტრანსფორმაციას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციის, ახსნა არ აქვს, რადგან ფაქტობრივად, ივანიშვილს და მის მთავრობას, დასავლეთის მიმართ, მტრული ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ცხადია, ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცნობილი ფაქტებით და არა სხვა, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობი გარემოებებით. ამიტომ, ღია და თანმიმდევრული დასავლური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან გაასაჯაროონ ინფორმაცია, რამაც განაპირობა ივანიშვილისადმი მათი დამოკიდებულების ცვლილება. სხვა შემთხვევაში, რჩება ერთადერთი ფაქტორი – დასავლეთს უნდა საქართველოში, სტრატეგიულ სივრცეში, ჰყავდეს მისთვის უფრო სანდო და მისაღები პოლიტიკური ძალა, რომლის ფორმირებასაც ბევრი წლის განმავლობაში უამრავი მილიონი შეალია…
არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირთან და შტატებთან დაპირისპირება ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასავლური სივრცისგან ივანიშვილის დისტანცირება, მისი მიზანი არ ყოფილა, ეს იყო ცნობილ გარემოებათა უარყოფითი შედეგი.
– როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაში და თანამშრომლობაში გარკვეული პრობლემები იქნება.
„ქართული ოცნებისა“ და ხმოსნების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
არჩევნებამდე, გვახსოვს, ამ ციფრზე როგორ ქილიკობდა „ქართული ოცნება“.
თუმცა, ახლა ამაზე საუბარი არც ღირს, თუნდაც იმიტომ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები უკვე ღიად აფიქსირებენ საჯარო სივრცეში, რომ უნდათ საქართველო ნეიტრალური ქვეყანა იყოს. მეტიც, მათთვის გაუგებარია თუ რატომ ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ერთ-ერთ მიზნად ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ევროკომისიაც ცაიტნოტში, რადგან მას არ ჰქონია შემთხვევა რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანა ისეთ საკითხებზე ოპონირება ბრიუსელს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლიანი სახელმწიფო და ასე შემდეგ.
თუ „ქართული ოცნება“ მანამდე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის გაპრეზიდენტებაზე ამყარებდა იმედს, ახლა ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით რიტორიკა ხან მატულობს, ხან იკლებს.
აშშ-ს შემდეგ, ევროპის წამყვან ქვეყნებში არჩევნები ჩატარდება და ევროკავშირი მეტად მოიცლის საქართველოს მიმართ პოზიციების ჩამოყალიბებაში.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით საგარეო პოლიტიკაში რაც გვაქვს, სავარაუდოდ, როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– ცხადია, პრობლემები არის და იქნება. ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია ამ სიტუაციის გადალახვა. თან იმის მიღწევა, რომ ხელისუფლებათა ცვალებადობა დამკვიდრდეს, როგორც ქართული დემოკრატიის ურყევი პრინციპი, თავიდან ავირიდოთ რევოლუციური და დესტრუქციული გზით ხელისუფლების დამხობა, დავიწყოთ დიალოგი და შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე, რომლის დანიშვნაც აპრილში, ან მაისში, ან 2 კვირაში, ნონსენსია და ეს ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს.
თანმიმდევრული დასავლური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან გაასაჯაროონ ინფორმაცია, რამაც განაპირობა ივანიშვილისადმი მათი დამოკიდებულების ცვლილება. სხვა შემთხვევაში, რჩება ერთადერთი ფაქტორი – დასავლეთს უნდა საქართველოში, სტრატეგიულ სივრცეში, ჰყავდეს მისთვის უფრო სანდო და მისაღები პოლიტიკური ძალა, რომლის ფორმირებასაც ბევრი წლის განმავლობაში უამრავი მილიონი შეალია…
ნეიტრალიტეტი კარგი მიზანია, მაგრამ ამ სტატუსის მისაღწევად, მიზნის თვითგამოცხადება საკმარისი არ არის. ნეიტრალიტეტისკენ სწრაფვას, ვიცით გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, რა სავალალო შედეგები მოჰყვა…
რაც შეეხება ბრიუსელის გაკვირვებას, ასეთი რამ მომავალშიც არაერთხელ მოხდება, „განსაცვიფრებელი ქართული დემოკრატია“ კიდევ ბევრჯერ გააოცებს ევრო ბიუროკრატიას – ჩვენ ხომ ქართველები ვართ…
საგარეო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც უზრუნველყოფს საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. „ოცნება“ და ქართველი ხალხი ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკაზე უარს არ იტყვიან.
დავიწყოთ დიალოგი და შევთანხმდეთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე, რომლის დანიშვნაც აპრილში, ან მაისში, ან 2 კვირაში, ნონსენსია და ეს ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს
შესაბამისად, ამ პოლიტიკის კონკრეტულ პარამეტრებზე არსებით ზეგავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა ჩვენს რეგიონში და ევროკავშირის რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში არჩევნების შედეგები. ამას, ცხადია, დაემატება ივანიშვილის სანქციების ბედი და მისთვის საკუთარ ფინანსებზე წვდომის დაშვება/არდაშვება.
და ყველაზე მთავარი – რუსეთ უკრაინის ომის შედეგები – როგორ დამთავრდება ეს ომი. რა ახალი კონიუნქტურა ჩამოყალიბდება საერთაშორისო ურთიერთობებში ტრამპი-ევროკავშირის, ტრამპი-რუსეთის და გლობალური სატარიფო სანქციების კონტექსტში.
– არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი უახლოეს მომავალში ის, თუ როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საშინაო პოლიტიკა.
პოლიტიკის ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის – „ჯერჯერობით ივანიშვილი, პარტნიორების გამკაცრებული რიტორიკისა და ქუჩის პროტესტის მიუხედავად, ვერაფერს ხედავს ისეთს, რაც მის ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის.
საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ სავარაუდო გეგმებზე ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძეამბობს – „ქვეყანაში რთული სიტუაციაა, მაგრამ არა კრიზისი. ერთადერთი გამოსავალია საქართველომ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რაც აქვს… დათმობაზე თუ წავიდა, ყველაფერი ჩაწყნარდება“.
ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არც ერთ პრინციპულ საკითხში, რაც პროტესტანტი საზოგადოებისთვის და ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ამის მკაფიო მაგალითია პრეზიდენტ ყაველაშვილის მიერ აშშ-ს მიერ სანქცირებული შს მინისტრ გომელაურია და სხვა იმ ძალოვნების ღირსების ორდენებით დაჯილდოება, ვისაც ბრალი ედება დემონსტრანტების მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებაში.
თუ საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ არაფრის დათმობისა და ძალის დემონსტრირების პოლიტიკა გაგრძელდა, ეს რამდენად სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ერთი მხრივ „ქართული ოცნებისთვის“, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნისთვის?
– კომპრომისი აუცილებელია, დათმობებიც, რასაკვირველია, ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. მოდით, ვთქვათ გულახდილად და გულწრფელად – რევოლუციური სცენარი, ჯერ-ჯერობით, წარმატებით ვერ ვითარდება. ისედაც, ასეთი პერსპექტივა პატარა ქვეყნისთვის, რომელიც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, არ არის მისაღები და სასურველი.
პაციფიზმს ნამდვილად არ ვქადაგებ, არც გლობალურად და არც შინ, ჩვენთან, მაგრამ ნგრევა და არაპროგნოზირებადი მოვლენები არა თუ ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის არსებობასაც კი საფრთხეს შეუქმნის.
როცა ვამბობდი, რომ იმპერიების ნანგრევებზე წარმოშობილმა ქვეყნებმა, მაკედონელის იმპერიიდან დაწყებული, დღემდე, თავისი არსებობის უფლება და შესაძლებლობა უნდა დაამტკიცონ მეთქი, ბევრმა გამაკრიტიკა. სამწუხაროდ, ასე აღმოჩნდა და ამ მხრივ, უკრაინის მაგალითია საყურადღებო…
ეს ეხება არ ამარტო იმ ქვეყნებს, რომელთაც საბჭოთა კავშირამდე ამ ფორმით სახელმწიფო არ ჰქონიათ, არამედ იმათაც, ვისაც სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია აქვს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ იქნებოდა ურიგო, სათათბირო ორგანოს შექმნა, სადაც ავტორიტეტული და გამოცდილი ადამიანები დააფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით.
ეს არ იქნებოდა უკან გადადგმული ნაბიჯი. მაგალითად, ეროვნული საბჭოს ფორმირება, მისი შესაბამისი წესით და დებულებით. ეს, შეიძლება იმ რეალობის ალტერნატივა აღმოჩნდეს, რაზეც ოპოზიციის და ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი საუბრობს. კერძოდ, პარალელური პარლამენტის ჩამოყალიბებაზე.
ოღონდ, აქ ერთი პატარა „უხერხულობაა“ – თუ საპარლამენტო ბარიერგადალახული პარტიების დეპუტატებისგან დაკომპლექტდებოდა იგი, ეს არჩევნების შედეგების ფაქტობრივი ცნობა იქნებოდა. ახალ არჩევნებზე საუბარი კი, ამ პარალელური პარლამენტის შესაქმნელად, პირადად ჩემთვის, ღრმა წარსულში დაბრუნებაა, როცა უზენაესი საბჭოს არჩევნებს წინ ეროვნული კონგრესის არჩევნები უძღოდა…
– საშინაო პოლიტიკაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა, ბათუმელი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის პოლიციელზე თავდასხმის გამო დაკავება და ის, რომ დაკავებული 20 დღეზე მეტია შიმშილობს.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანაში აკრედიტებულმა ელჩებმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ სწორედ დასავლელი პარტნიორები, რომლებიც აფინანსებდნენ მზია ამაღლობელის ჟურნალისტურ საქმიანობას, არიან დამნაშავენი იმაში, რაც მან ჩაიდინა. პოლიციელზე თავდამსხმელი უნდა დაისაჯოს.
არადა, საკმაოდ კვალიფიციური იურისტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა. თუ რამ იყო, მოხდა მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსმა ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფები მიაყენა.
სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება მზია ამაღლობელის საქმე?
– მზია ამაღლობელის ისტორია ბევრი თვალსაზრისით არის საყურადღებო. პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება და მასზე ფიზიკური ძალადობა, თუნდაც ეს ქალბატონისგან მოდიოდეს, რა თქმა უნდა, დასჯადია.
ასეა ყველგან, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და ამ მხრივ, პრეცედენტის დაშვება ხელისუფლებას გაუჭირდება. მით უმეტეს, როცა გასარკვევია და დასადგენია, პოლიციის მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა მიაყენა თუ არა მზია ამაღლობელს. თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ამის დადგენა შესაძლებელია.
საგარეო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორიც უზრუნველყოფს საქართველოში პოლიტიკურ სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. „ოცნება“ და ქართველი ხალხი ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკაზე უარს არ იტყვიან
თუმცა, მოდით თავი დავანებოთ დეტალებს, რომლებიც, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია და შევხედოთ ფაქტს სხვა კუთხით. – გადაცდომა დაუშვა ქალბატონმა, ჟურნალისტმა, გონიერმა და საზოგადოებრივად აქტიურმა პიროვნებამ, რომლის ცხოვრებისეული კრედოც საზოგადოების ინფორმირება და ქვეყნის სამსახურია. აქედან ერთადერთი რამ გამომდინარეობს – ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი უნდა გაათავისუფლოს წინასწარი პატიმრობიდან ყოველგვარი გირაოს გარეშე. ჩემთვის ასეთი ჟესტი მთავრობის უაღრესად ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა.
„ინტერპრესნიუსი“