პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებასა და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირების საქმეზე.
„ვფიქრობ, აუცილებელია გამოძიების დაწყება. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე რომ იყოს რაიმე დაპირისპირება, ყველა შემთხვევაში საჭიროა, რომ გამოძიება დაიწყოს და ზუსტად იცოდეს საზოგადოებამ, რა მოხდა“ ,— თქვა ვოლსკიმ და დაამატა, რომ საქართველოში არავის აქვს დაუსჯელობის განცდა.
საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „თუ გამოძიება დასაწყებია, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები“.
15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებასა და ქვემო ქართლის რწმუნებულის პირველ მოადგილეს, გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირებაა.ამის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი რამდენიმე ტელევიზიამ მოამზადა. ტვ „პირველის“ ინფორმაციით, დაპირისპირება ხარებაზე დაქვემდებარებულ პირებს, სპეცრაზმელებსა და შინჯიკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფს შორის მოხდა.
დაპირისპირებაში შინჯიკაშვილი პირადად ჩაერია, რის გამოც ხარებამ მასზე შურისძიება გადაწყვიტა. მთავარი არხის ინფორმაციით, შინჯიკაშვილმა და მისმა ჯგუფმა უშუალოდ ხარებას სცემეს. ფორმულას კი წყარო უყვება, რომ დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში, უშუალოდ ხარებასა და შინკიჯაშვილს შორის დაიწყო, რაშიც მოგვიანებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალადობრივი ჯგუფები ჩაერთნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გიორგი შინჯიკაშვილი მიმალვაშია, ხარება კი მას შურისძიების მოტივით ეძებს. ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გასულ კვირას, სოფელ მარტყოფში, შინჯიკაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რამდენიმე მანქანა და ათობით ადამიანი იყო მობილიზებული. მათი ცნობით, ისინი რამდენიმე დღე იცავდნენ შინჯიკაშვილის ოჯახს.
ამავე თემაზე:
· ვინ არის სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, რომელსაც გომელაური „ღირსეულს“ უწოდებს