პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა ტელეფონის ნომრების მოძიება და მათთან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების განხორციელება სცდება უწყების კომპეტენციას და „გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით“ საქმე გადაუგზავნა პროკურატურას. უწყებამ დაინახა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სწორედ ამიტომ საქმე პროკურატურას გადაუგზავნა და სამსახურეობრივი მოკვლევა შეწყვიტა.
„მასშტაბურობის გათვალისწინებით [ზარები] ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს. ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვნების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს“, – წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში.
პერსონალური მონაცემების დაცვაზე მომუშავე სახელმწიფო უწყების გამოქვეყნებული განცხადება აღწერს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ზარების მასშტაბურობას – სამი სატელეფონო ოპერატორიდან მხოლოდ ერთზე მაისის თვეში დაფიქსირდა „400-ზე მეტ აბონენტთან ზარების განხორციელების ფაქტი“.
მოკვლევის შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ მოქალაქეების ტელეფონებზე რეკავდნენ ე.წ. Caller ID Spoofing-ის გამოყენებით, რაც დამრეკის მონაცემების გაყალბებას გულისხმობს. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის განმარტებით, ასეთ დროს ზარი ხორციელდება რეალური ნომრიდან, თუმცა სპეციალური მოწყობილობების გავლით ის იცვლება არარსებული ან მითვისებული ნომრით და შესაბამისად, მისი დადგენა შეუძლებელია.
მმართველმა პარტიამ ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, აშშ კი მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს. ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დაძლევენ ვეტოს.
უცხო პირებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების პირად სატელეფონო ნომრებზე დარეკვა „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენის მიღების შემდეგ დაიწყო.
კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.