ასაფეთქებელი მოწყობილობები თბილისში – რა იპოვა შსს–მ და სუსმა ეზოში გაჩერებულ მანქანაში?

“ალიას” ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ, 11 აპრილის გვიან საღამოს, თითქმის ღამის 12 საათისთვის, თბილისში, ბახტრიონის 13 ნომრის მიმდებარედ, კრიმინალური პოლიციის და სუსის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის განმავლობაში, ისინი სახლებისკენ მიმავალ ადამიანებს აყოვნებდნენ და ეზოში არ უშვებდნენ, მიზეზის განმარტების გარეშე, თუმცა, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან სახლების დაცლა – არ უცდიათ.
როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, ჩხრეკდნენ ეზოს, მიმდებარე ქუჩებს, სკვერს.
ასევე, ერთ მუქი ფერის სედანზე, რომელიც ეზოში ეყენა, ცდილობდნენ ინფორმაციის მიღებას, კითხულობდნენ, ვის ეკუთვნოდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ავტომანქანა ვერ ამოიცნეს, ფიქრობენ, რომ ავტომანქანა არც ეზოში მაცხოვრებელს და არც ეზოში მაცხოვრებელთა სტუმრებს ეკუთვნით.
როგორც თვითმხილველები “ალიას” უყვებიან, ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა ხელყუმბარები (ეფ1), ასევე დეტონატორები, მანქანის სალონში კი – გადახვეული მავთულები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებლების დამზადება–გააქტიურებისათვის გამოიყენება. ავტომანქანა ჩხრეკის ჩემდეგ, ევაკუატორით გადაიტანეს.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ავტომანქანა ეზოში დაახლოებით 19–20 საათისთვის შენიშნეს, მანქანამ იმით მიიქცია ყურადღება, რომ ცუდად იყო დაყენებული, სხვა მანქანებს პარკირებაში ხელს უშლიდან და ამბობენ, რომ გაიფიქრეს კიდეც, ნეტავ, ვინ გააჩერა მანქანა ეზოში ასე ცუდად. კიდე ერთი თვითმხილველი გვიყვება, რომ დაინახა, ეს მანქანა როგორ გააჩერეს ეზოში და როგორ გადმოვიდა მანქანიდან 2 მამაკაცი, საშუალო ასაკის, მათ შორის, ერთი შეჭაღარავებული თმით. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ეზოში არაერთი კამერაა, წესით, ეს მონაცემი უკვე უკვე ჰქონდეს –საც და სუსსაც.
შსს და სუსი ადგილზე, მანქანის გაჩერებიდან 4–5 საათის შემდეგ მივიდა, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ოპერატიული მონაცემის საფუძველზე მოხდა ეზოს და მანქანის შემოწმება.
არის თუ არა, თბილისი ტერორისტების სამიზნე? – იპოვეს თუ არა მანქანაში რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, გარდა ასაფეთქებელი მოწყობილობებისა, მაგალითად, მობილური ტელეფონები, ან რამე ტიპის ნახაზები, რომლითაც დადგინდება, მართლაც იგეგმებოდა თუ არა აფეთქება, ან სად იგეგმებოდა, ან როდის, ვინ არიან პირები, რომელთა მანქანაშიც იპოვეს ასაფთქებლები, ვინ დგას მათ უკან, ასაფეთქებელი მოწყობილობები, შემოიტანეს სხვა ქვეყნიდან, თუ საქართველოს ტერიტორიაზევე მოიპოვეს, ან დაამზადეს, ამოცნობილია, დაკავებულია, თუ არა ვინმე – ამ კითხვებს, წესით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა უპასუხონ. უფრო მეტიც, ჩვენ კი არ უნდა გვპასუხობდნენ, წესით, პირველი განცხადება მათ უნდა გაევრცელებიათ. შეშინებული მოსახლეობა, რომელმაც ვერც ერთი უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვერ მოიძია, რათა მთელი ღამის უძილობისა და ნერვიულობის შემდეგ, მცირედით მაინც შესძლებოდა დამშვიდება, ამის შემდეგღა დაგვიკავშირდა.