„არ მიიღოთ საზოგადოებისთვის დამაზიანებელი კანონი“ — შშმ პირები ხელისუფლებას

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა წარმომადგენლებმა “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” სივრცეში პრესკონფერენცია გამართეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საკუთარი პოზიციის გასაჟღერებლად და აღნიშნეს, რომ „ტყუილი და დეზინფორმაციაა“ იმის თქმა, თითქოს ეს კანონი შშმ პირებს არ შეეხებათ.
„მინდა ერთი-ორ ტყუილზე გავამახვილო ყურადღება და დეზინფორმაციაზე, თითქოს ეს კანონი შშმ პირებს არ ეხებათ. თანამდებობის პირების განცხადებებიც ვნახეთ ამასთან დაკავშირებით. ამ ტიპის ორგანიზაციების გამორიცხვა ტექნიკური და იურიდიული თვალსაზრისითაც იქნებოდა შეუძლებელი,“ — ამბობს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე აქტივისტი, „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე ესმა გუმბერიძე.
ნეტგაზეთთან საუბრისას ესმა გუმბერიძე განმარტავს, რომ „რუსული კანონი“ არათუ ეხება შშმ პირებს, არამედ ვერც აუვლის გვერდს.
„კანონპროექტს აქვს ჩამონათვალი, ვისზეც „რუსული კანონი“ არ გავრცელდება, მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შექმნილი ორგანიზაციები, სპორტული ფედერაციების შესახებ კანონით შექმნილი ორგანიზაციები, სისხლის გადასხმის შესახებ კანონით შექმნილი სისხლის დაწესებულებები. შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია აქ არც ფიგურირებს და ვერც იქნება.
შშმ პირები ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ყველაფერი გვეხება, რაც ამ ქვეყანაში ხდება. როგორ დაარეგულირებენ, რა თემა გვეხება და რა არა? ძალადობის მსხვერპლი გოგოების საქმეზე -მ საქმე არ წამოიწყო, სანამ არასამთავრობო ორგანიზაცია არ ჩაერია. უცხოური ინტერესების გატარებაა ეს? ჩემს ინტერესებს რომ იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლოში და ვითხოვთ, რომ სარჩელის ფორმა გახდეს ჩემთვის, უსინათლოსთვის მისაწვდომი ერთ შემთხვევაში, დისკრიმინაცია არ მოახდინონ ჩემი საჯაროდ მეორე შემთხვევაში, ეს უცხო ძალის ინტერესია?
შშმ პირები და შშმ პირთა ორგანიზაციების წარმომდგენლები, რომლებიც დონორების დახმარებით საქმიანობენ, საკონსულტაციო საბჭოების შემადგენლობაში რომ შედიან. ძალიან საინტერესოა, სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებში როგორ შევალთ, როგორც თემის წარმომადგენლები თუ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები?“ — ამბობს ესმა გუმბერიძე ნეტგაზეთთან საუბრისას.
„რატომ არის ეს კანონი რუსული? რა უნდა რუსეთს? ეს კითხვა უნდა დავსვათ, როცა რუსულ კანონზე ვსაუბრობთ. რუსეთს უნდა ქართული საზოგადოება განუვითარებელი, დაბეჩავებული და გატეხილი. შესაბამისად, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილს არ გვსურს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ისევ ინვალიდებს დაგვიძახებენ,“ — თქვა პრესკონფერენციაზე შშმ აქტივისტმა, ანა სიხაშვილმა.
შშმ პირთა მშობლები მიუთითებენ, რომ დონორი ორგანიზაციების ჩართულობამ გახადა შესაძლებელი ინკლუზიური განათლების დანერგვა. მათ იკისრეს შუამავლობა თემსა და სახელმწიფოს შორის, რომ „შშმ პირთა განათლება მნიშვნელოვანია და შშმ პირების უფლებები ირღვევა, როცა მათ ბაღსა და სკოლაში არ ელოდებიან.“
„10 წელია, რაც ჩვენმა სახელმწიფომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირება. ამ დროის განმავლობაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მუდმივად მხარს გვიჭერდნენ კონვენციის პრინციპების განხორციელების მიზნით. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება რიგი ორგანიზაციების საქმიანობას, რაც ცუდად აისახება შშმ პირთა თემის განვითარებაზე. ამდენად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღონ საზოგადოებისთვის დამაზიანებელი კანონი,“ — ნათქვამია შშმ პირების განცხადებაში, რომელიც პრესკონფერენციამდე გავრცელდა.
„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს განაცხადა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნების შესახებ.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები. ასევე, დასავლელმა პარტნიორებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლის მიხედვითაც, კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს საფრთხეს შეუქმნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?