„არ იზიარებდა, რაც იქ ხდებოდა“ – ომბუდსმენი ამბობს, რომ მზადაა 4 ოქტომბრის საქმეზე მანჯგალაძის სასარგებლოდ ჩვენება მისცეს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მზად არის, გამოძიებას მისცეს ჩვენება და დაადასტუროს, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, , – რომელიც დაპატიმრებულია, – იმ საღამოს განვითარებულ მოვლენებს არ ეთანხმებოდა
იოსელიანის თქმით, მან რამდენიმე დღის წინ მოინახულა – „ვესაუბრე, პაატა ნორმალურად გრძნობს თავს“.
შემდეგ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს, – როდესაც დემონსტრაცია, პოლიტიკოსების წინამძღოლობით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ჩავიდა, ჭიშკარი ჩამოანგრიეს და ეზოში შევიდნენ, „ძალიან გაბრაზდა“
„ძალიან გაბრაზებული ვიყავი ამ ყველაფრის შემყურე. ზუსტად ვიცოდი ამ ყველაფერს რა მოყვებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ 3-4 ადამიანს თუ რაღაც პოლიტიკური ინტერესები ჰქონდა, ამას უამრავი ადამიანის პატიმრობა მოჰყვებოდა. იქ შესვლა თავისთავად უკვე გულისხმობდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა მან.
„ეს სცენა რომ ვნახე, დავურეკე პაატა მანჯგალაძეს … რადგან ვისმენდი, რომ ის იყო ამ ყველაფრის საორგანიზაციო კომიტეტში. და, შეიძლება ითქვას, რომ მაგრად ვეჩხუბე“, – განაცხადა იოსელიანმა ტვ პირველზე ინტერვიუში 24 ოქტომბერს.
„პაატასთან მაქვს ისე რამდენიმე წელი ურთიერთობა, ადამიანს რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ, პარლამენტში კოლეგები ვიყავით, ვუთხარი: რას აკეთებთ, როგორ შეიძლება, ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ამ ადამიანებს ხვალ რომ ყველას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით გაუშვებენ ციხეში, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი-მეთქი“, – თქვა ომბუდსმენმა.
„პაატამ მითხრა, რომ ის აბსოლუტურად მეთანხმებოდა და არ იზიარებდა იმას, რაც იქ ხდებოდა და რომ ეს ადამიანები სასწრაფოდ იყვნენ იქიდან გამოსაყვანი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ეს არის მისი სიტყვები და მე ამას იმიტომ ვამბობ საჯაროდ, რომ არ ვიცი, მის ადვოკატს გამოადგება, შეიძლება პაატას დასჭირდეს ჩემი ეს ახსნა-განმარტება. მე მზად ვარ რომ ეს სასამართლოზეც ვთქვა, მივცე ამის შესახებ ჩვენება, რომ პაატამ დამიდასტურა მე, რომ ის არ იყო ამ ყველაფრის მომხრე“, – ამბობს სახალხო დამცველი.
მისი თქმით, ამაზე მანჯაგაძესთან ამაზე არ უსაუბრია და თავს ვალდებულად თვლის, „რადგან ადამიანს ასეთი მძიმე ბრალი აქვს წაყენებული“, ეს საჯაროდ თქვას და „თუ ეს რამეში დაეხმარება, მის ბრალს შეამსუბუქებს, ან შეიძლება წინაპირობა გახდეს მისთვის გათავისუფლების“, მზად არის, სასამართლოში ისაუბროს.
ტელეწამყვან დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, „იქნებ იყვნენ იქ ისეთები, რომლებიც არ ფიქრობდნენ, რომ ეს სწორი იყო“, უპასუხა: „არ ვიცი, ამაზე იმან ილაპარაკოს, ვინც ამის მოწმე იყო. მე პაატასთან რა კომუნიკაციაც მქონდა და რაც მიპასუხა, ამას ვამბობ“
კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე „მკვეთრად უარყოფითად“ აფასებს.