არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში – პაპუაშვილი

არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა
მისი თქმით, ყოფილი პრემიერის პარტიას “რაღაც, ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურს”.
რაც შეეხება თავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, “ოცნების” პარლამენტის თავმდჯომარე ირწმუნება, რომ სტრასბურგის სასამართლომ კი არ დაადგინა, არამედ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ქართულ გამოძიების ფაქტებია კონსტანტირებული.
„საბოლოოდ, ეს დიდი პალატის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაადასტურა მანამდე გამოსული გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მხრივ რამე განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა. სწორედ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო დამატებითი გამოძიება საქართველოს პროკურატურამ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილი ყველა გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას წარედგინა ბრალი, მათ შორის წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ის დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას. ახლა კითხვები ევროკავშირს მიემართება და გერმანიას, ამ შემთხვევაში, სადაც ის იმყოფება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელია. პროკურატურამ თავისი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, მიდის გამოძიება. სხვა გარემოებები შეიძლება გამოიკვეთოს. მგონი, ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ. აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გამოძიების წარმოების აუცილებლობას.
გუშინ გამოხმაურებებიც ვნახე, მე არ ვიცი, გახარიას პარტიას რა გაუხარდა ამ გადაწყვეტილებაში. რაღაც, ძალით კარგი პოზიციის შენარჩუნება სურთ. ციტატები მოჰყავდათ თითქოს, უმაღლესი თანამდებობის პირებს არ გაუციათ ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე. საუბრობდნენ, რომ გახარიას არ გაუცია ბრძანება, ეს წერია გადაწყვეტილებაშიო. ეს არ წერია. სასამართლომ კი არ დაადგინა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არის ქართულ გამოძიების, ასე ვთქვათ, ფაქტები კონსტატირებული. მანამდე, გახარიას ხელში წარმოებული გამოძიება რაც იყო, ზუსტად იქ იყო, რომ ის არაფერ შუაში იყო. სტრასბურგის სასამართლომ სწორედ ეს დარღვევა დაადგინა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული ეს საკითხი და საქართველოს გამოძიება დაავალა. ამ გამოძიებამ დაადგინა ზუსტადაც და გამოარკვია, რომ მანამდე დადგენილი ზოგიერთი ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ, ის, რაც მათ მოჰყავთ მაგალითად, რომ თითქოს, გახარია ამ საკითხში უბრალოა.. პირიქით, ეს არის დასტური, რომ მისი მონაწილეობით, მათ შორის, წარმოებული გამოძიების შედეგად, ხელი იყო დაფარებული გარკვეულ გარემოებებზე და ამის გამო დარღვევა დადგინდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.